ყირგიზეთის პარლამენტმა ყირგიზეთსა და რუსეთს შორის ერთობლივი საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
ხელშეკრულების მოქმედების ვადით, 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ყირგიზეთის ქალაქ კანტში, რუსეთის ავიაბაზის მიმდებარედ გამოიყო.
განახლება: ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სადირ ჯაფაროვმა რუსეთთან საჰაერო თავდაცვის ერთიანი სისტემის შექმნის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ ინფორმაციას ყირგიზეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
“აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირება რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობების გაძლიერებისადმი ყირგიზეთის ერთგულებას ადასტურებს და ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის შემდგომ ურთიერთქმედებას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში”, - აღნიშნავს ყირგიზეთის პრეზიდენტის პრესსამსახური.
განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ რუსეთთან ერთად საჰაერო თავდაცვის რეგიონალური სისტემის შექმნა “საშუალებას მოგვცემს ორივე ქვეყნის საჰაერო სივრცის უფრო საიმედო დაცვა უზრუნველვყოთ, ასევე, გაზრდის უსაფრთხოებას და ეროვნული ინტერესების დაცვას.”
ცნობისთვის, აღნიშნული დოკუმენტის რატიფიცირება ყირგიზეთში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ვიზიტის ფარგლებში მოხდა.
მოსკოვსა და ბიშკეკს შორის აღნიშნული შეთანხმება 2022 წლის 16 აგვისტოს დაიდო. პუტინმა მისი რატიფიცირება 2023 წლის 29 მაისს მოახდინა.