ეროვნული ბანკი: თანამშრომელთა გადინების წლევანდელი მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით, დაბალია

საქართველოს ეროვნული ბანკი თანამშრომელთა გადინების მიზეზებს განმარტავს. „ეროვნულ ბანკში მაღალკვალიფიციური თანამშრომლები მუშაობენ და საკადრო თვალსაზრისით ბანკი კონკურენციაშია შესული მსოფლიოს წამყვან საფინანსო ინსტიტუტებთან, სადაც ანაზღაურება ზოგიერთ შემთხვევაში 5-ჯერ და მეტად მაღალია... ცნობისთვის, თანამშრომელთა გადინების წლევანდელი მაჩვენებელი შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაბალია", - აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში რადიო თავისუფლების ცნობით.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ "ქართველ-რუს" ოლიგარქად მოხსენიებულ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქცირების აღსრულების პროცესში გამონაკლისი დაუშვა, რის შემდეგაც ეროვნული ბანკიდან თანამშრომლების გადინების შესახებ ინფორმაციის გავრცელება დაიწყო.

თანამდებობები დატოვეს ბანკის სამივე ვიცე-პრეზიდენტმა და ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა. ასევე: საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის მარეგულირებელი პოლიტიკის განვითარების განყოფილების უფროსმა, ეკა ბერიანიძემ; იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ქუსიკაშვილმა; ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა, გვანცა ცქიტიშვილმა.