სალომე ზურაბიშვილი ნიკო კვარაცხელიაზე: არ ვიცი, რამდენი დღე დამრჩა, როგორც პრეზიდენტს, მაგრამ თუ ასე დამთავრდა ეს ყველაფერი, ჩემთვის ძალიან ღირებული იქნება, რომ ეს იყოს ჩემ მიერ ჯილდოს ბოლოჯერ გადაცემა ასეთი ადამიანისთვის

საქართველოს პრეზიდენტმა ნიკოლოზ (ნიკო) კვარაცხელია ღირსების მედლით დაჯილდოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სახელმწიფო ჯილდო პრეზიდენტმა ახალგაზრდა მეწარმის ნიკო კვარაცხელიას დედას, იზა ომაძეს გადასცა. ნიკო კვარაცხელია დაჯილდოვდა მაღალი ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, პირველი ქართული სოციალური პლატფორმა „ფიდსის“ შექმნისთვის, ახალგაზრდების ეკონომიკური და სოციალური აქტივობების განსაკუთრებული მხარდაჭერისა და საერთაშორისო დონეზე საქართველოს პოპულარიზაციისათვის.


„ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანი დღეა. არ ვიცი, რამდენი დღე დამრჩა, როგორც პრეზიდენტს, მაგრამ ჩემთვის ძალიან ღირებული იქნება ის, რომ თუ ასე დამთავრდა ეს ყველაფერი, ეს იყოს ჩემ მიერ ჯილდოს ბოლოჯერ გადაცემა ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანისთვის და თაობისთვის.

მინდა, ეს დღე და ეს დაჯილდოვება ასე წარმოვიდგინო. ცხადია, ეს დღე იმ ახალგაზრდის ხსოვნას მიეძღვნება, რომელმაც მოკლე დროში ბევრი შეძლო და ძალიან ბევრი დაუტოვა თავის მეგობრებს, თავის ოჯახს და თავის თაობას. ასეთი მაგალითები არის ის, რითაც ჩვენ ვიზრდებით, რითაც საზოგადოება არსებობს. რაც ყველაზე უფრო გვიჭირს დღევანდელ დღეს, ეს არის დანახვა, რომ საზოგადოებას აქვს თავისი სიცოცხლის უნარი. პარადოქსია, რომ ზოგჯერ გარდაცვალება მოიცავს უზარმაზარ სიცოცხლის უნარს. ალბათ, ჩვენი ქვეყნის ისტორია სწორედ ამაშია, რომ ყველაზე დიდი ტრაგედიებიდან იწყება ახალი ეტაპი, ახალი ძალა, ახალი ენერგია. ეს რომ არა, აქ არ ვიქნებოდით დღემდე. არ მინდა, დღეს ტრაგედიად განვიცადოთ ის, რაც ნამდვილად ოჯახისა და მეგობრებისთვის ტრაგედიაა და ამას ვერაფერი წაშლის, მაგრამ ამ ტრაგედიის იქით მინდა, დავინახო იმედი, ის ახალი თაობა, რომელიც მოდის, რომელიც ყველაფერს ფლობს, სადაც არ უნდა იყოს.


ვიცით, რომ უცხოეთში იყო გაზრდილი, ნასწავლი, მოიარა ბევრი ქვეყანა და ეს არის დღევანდელი დღის მოცემულობა, რომ არავინ არის ერთ ადგილზე, ის, რომ არ მოძრაობდეს და არ ხედავდეს მსოფლიოს. ამით ვართ ჩვენ დღევანდელი მსოფლიოს ნაწილი. ჩაკეტილობა, არასდროს არ იყო ჩვენთვის მიმზიდველი და არასდროს არ იქნება. დიდი იმედი მაქვს, ეს ახალგაზრდები მაინც ჩათვლიან, რომ ეს ქვეყანა მათი ქვეყანაა და რომ აქ არის პერსპექტივა მათთვის, რომ არ ჩაიქნევენ ხელს და არ იფიქრებენ, რომ მხოლოდ სხვაგან უნდა მონახონ ახალი პერსპექტივა. ეს ჩვენი, ვინც აქ ვართ და ვისაც გვაქვს რაღაც პასუხისმგებლობა, ეს ჩვენი გასაკეთებელია, რომ ისევ დაინახონ, ამ ქვეყნას სჭირდება თავისი ახალგაზრდობა, ნიჭიერი ახალგაზრდები, ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც შორს იჭვრიტებიან და ხედავენ, რომ ახალი მსოფლიო იქმნება და ამის გაგებაც აქვთ. მისი ცხოვრება სამწუხაროდ, ძალიან მალე დასრულდა და დანარჩენი ჩვენ, ყველას დაგვიტოვა გასაკეთებლად,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.