ლიეტუვა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ უკრაინული მედია ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
დახმარების პაკეტი მოიცავს ორ გამშვებს NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.
ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, ქვეყანა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 155 მმ-იან საბრძოლო მასალას შეიძენს.
„რამშტაინის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა, რომ ქვეყანა სამხედრო დახმარების სიას უკრაინის ამჟამინდელი საჭიროებების გათვალისწინებით აყალიბებს.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ლიეტუვა უკრაინას გენერატორებსა და აღჭურვილობას გადასცემს, რომელიც ქვეყანას ზამთრის გადასატანად ესაჭიროება. ასევე გაგრძელდა უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების წვრთნა და რეაბილიტაცია.