რუსეთი ბელგოროდზე დრონით შეტევის შესახებ იუწყება

რუსეთის ბელგოროდის ოლქის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქალაქ ბელგოროდის გარეუბანში უპილოტო საფრენი აპარატით შეტევას მსხვერპლი მოჰყვა. 3 ადამიანი დაიღუპა.

ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის ტელეგრამ-არხზე დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია. გლადკოვის თანახმად, მძიმე მდგომარეობაშია 2 დაშავებული. გუბერნატორის ცნობით, აფეთქების შედეგად, განადგურებულია 2 სახლი და რამდენიმე დაზიანებულია.


დრონით შეტევის შესახებ პირველი ინფორმაცია გლადკოვის ტელეგრამ-არხზე ღამის 2 საათისთვის გამოქვეყნდა. გუბერნატორი წერდა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც ქალაქ ბელგოროდს უახლოვდებოდა.

უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე დრონით შეტევის შესახებ ცნობები გახშირდა.