საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალდანიშნულმა ელჩმა, რობინ დანიგენმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, რის შემდეგაც მინისტრსა და ელჩს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. აღინიშნა ყველა პრიორიტეტულ სფეროში, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ოთხივე მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა.
„რობინ დანიგენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა.
ამერიკის ელჩს ინფორმაცია მიეწოდა ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით მიღწეულ პროგრესზე. გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული. შეხვედრის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს. შეხვედრის დასასრულს, მხარეები მჭიდრო სამომავლო ურთიერთობებსა და კოორდინირებული თანამშრომლობის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.“