ბიშკეკში ალიევისა და პუტინის შეხვედრა გაიმართა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ყირგიზეთში სამიტის წინ, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.

პუტინის თქმით, ნომერ პირველი განსახილველი საკითხი ყარაბაღის ირგვლივ არსებული ვითარებაა, მაგრამ დღის წესრიგში არის  სხვა საკითხებიც, რომელიც საკმაოდ ვრცელია. „გთავაზობთ, რომ მოვაწყოთ ჩვენი მუშაობა შემდეგნაირად – დავიწყებთ, შესაძლოა, მეორე ნაწილით, მივცეთ გამოსვლის საშუალება ჩვენს კოლეგებს, ხოლო შემდეგ ჩვენ დავრჩებით და ვისაუბრებთ საკითხების მთელ სპექტრზე, მათ შორის სენსიტიურ საკითხებზე,“ - განუცხადა პუტინმა ალიევს.


ალიევმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ძალიან ბევრ თემაზე აქვს სასაუბრო.

„ჩვენ ბევრი გვაქვს სალაპარაკო. ამ წლის სავაჭრო ბრუნვისა და სამრეწველო თანამშრომლობის შედეგები შთამბეჭდავია. ამასთან, გვაქვს ბევრი ახალი პროექტი, ხოლო ამის შემდეგ გადავალთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე,“ - აღნიშნა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, „შეხვედრაზე კმაყოფილება გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებით, კერძოდ, სავაჭრო ბრუნვის ზრდის გამო. რეგიონთაშორისი თანამშრომლობის საკითხზე საუბრისას, მხარეებმა აღნიშნეს აზერბაიჯანის წარმატებული თანამშრომლობა რუსეთის 70 რეგიონთან და აღნიშნეს, რომ რეგულარულად ჩატარებული რეგიონთაშორისი ფორუმები მნიშვნელოვანი პლატფორმაა.

საუბრისას მათ კმაყოფილება გამოთქვეს ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებით, მისი პოტენციალის გაზრდით და მთლიანობაში ამ მარშრუტზე საავტომობილო და სარკინიგზო ტვირთების გადაზიდვების მოცულობის ზრდით.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ჰუმანიტარული თანამშრომლობის წარმატებულ განვითარებას. ამ თვალსაზრისით, მათ ხაზი გაუსვეს აზერბაიჯანში რუსული ენისადმი ზრუნვას და ბევრ უმაღლეს და საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებაში რუსული ენის სწავლებას.

საუბრისას პრეზიდენტებმა სოფლის მეურნეობაში თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე აღინიშნა აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის სამთავრობათაშორისო სახელმწიფო კომისიის საქმიანობის მნიშვნელობა.“


მანამდე, კრემლმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან ერთად განიხილავს რუსი სამშვიდობოების მომავალს მთიან ყარაბაღში.

შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ბიშკეკში დსთ-ს ლიდერების შეკრებას არ ესწრება.

ცნობისთვის, ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა ალიევის წინადადებაზე, რომ საქართველო მოლაპარაკებების პლატფორმად განიხილოს.

მანამდე ალიევი ხსენებული წინადადებით თბილისში, 8 ოქტომბერს გამოვიდა.