ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა ალიევის წინადადებაზე, რომ საქართველო მოლაპარაკებების პლატფორმად განიხილოს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის წინადადებაზე, რომ საქართველო მოლაპარაკებების პლატფორმად განიხილონ. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ახლა, როცა ბრიუსელში შეხვედრის საკითხი განიხილება, სადაც, ფაქტობრივად, გარკვეული ჩარჩოებია, აზერბაიჯანი ცდილობს სხვა პლატფორმის შეთავაზებას.

„გრანადაში გაიმართა შეხვედრა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ჩვენი და ევროკავშირის ხედვით, ურთიერთობების რეგულირების პრინციპები დაფიქსირდა ევროკავშირის პლატფორმაზე.  ცხადია, როცა ბრიუსელში შევხვდებით, საუბარი ამ პრინციპების ფარგლებში უნდა წარიმართოს, რაც, ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკის ინტერესებს შეესაბამება. ეს პრინციპები მიიღო სომხეთის რესპუბლიკამ და სხვათა შორის, აზერბაიჯანმაც. ახლა, როცა ბრიუსელში შეხვედრის საკითხს განვიხილავთ, სადაც ჩვენ გვაქვს ჩარჩო, რომლის ხაზგასმაცაა საჭირო და როცა აზერბაიჯანი ცდილობს სხვა პლატფორმის შემოთავაზებას, ეს ჩვენ მიერ შეიძლება, განიმარტოს, რომ სხვა პლატფორმაზე გადასვლით აზერბაიჯანს სურს უკვე შეთანხმებული პრინციპების განეიტრალება,“ - აღნიშნა ფაშინიანმა სომხეთის საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში.


მისი თქმით, იზრდება შიში იმისა, რომ ფარული გეგმა შეიძლება, იმაში მდგომარეობდეს, რომ ყველაფერი ძალის გამოყენებით, ახალი ომით, ახალი ესკალაციის დასრულდეს.

„ჩვენ არანაირი საუბრის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ჩვენ იმ ლოგიკის წინააღმდეგი ვართ, რომელიც უკვე შეთანხმებული პრინციპებიდან გაგვიყვანს“, - ხაზგასმით აღნიშნა ფაშინიანმა, რომლის სიტყვებსაც „არმენპრესი“ ციტირებს.


სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ერევანი მზად არის  „3+3“ ფორმატში შეხვედრებისთვის. მისივე თქმით, თავის დროზე მიღწეული იყო შეთანხმება, რომ „3+3“ ფორმატში მომდევნო შეხვედრა თეირანში გაიმართებოდა. ფაშინიანის თქმით, ერევანი მზადაა, მაგრამ არსებობს დამატებით განსახილველი საკითხები.


„უპირველეს ყოვლისა, შეხვედრები ამ მომენტამდე საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე იმართებოდა. ახლა ისიც უნდა დაზუსტდეს, როგორია მხარეების აღქმა, რა დონეზე უნდა გაგრძელდეს საუბარი და ჩვენ მზად ვართ,“ - განაცხადა ფაშინიანმა და აღნიშნა, რომ არ ყოფილა შემთხვევა, როცა ამ ფორმატში დისკუსია გადაიდო ან არ ჩატარდა ერევნის გამო.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო მზადაა, ერევანთან მოლაპარაკებები საქართველოში გამართოს, მაგრამ ეს ასევე მოითხოვს სომხეთის თანხმობას.

თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თანახმაა და რომ სამშვიდობო შეთანხმება ხელს შეუწყობს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას სამხრეთ კავკასიაში.

10 ოქტომბერს, ალიევმა "3+3" ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრა ბაქოში, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან, ნიკოლაი პატრუშევთან შეხვედრისას და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რეგიონული პრობლემები რეგიონის ქვეყნის მონაწილეობით გადაიჭრას.


მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. თბილისის შეფასებით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, 3+3 ფორმატში საქართველოს ჩართვა შეუძლებელია. ის ვერ მიიღებს მონაწილეობას რუსეთთან გეოპოლიტიკურ პროექტში. საქართველოს მიზანია რეგიონში მიმდინარე პროექტებში დასავლელი პარტნიორების ჩართვა, რომ რუსეთისთვის ცარიელი სივრცე არ დარჩეს.

შეგახსენებთ, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით.

გარდა ამისა, აშშ-ის შეფასებით, ვიდრა რაიმე ფორმატზე დაიწყებს საუბარს, რუსეთმა თავისი ძალები უნდა გაიყვანოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან.