ბლინკენის შემდეგ ისრაელში ოსტინი ჩადის

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ პარასკევს, 13 ოქტომბერს აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შეხვდება.

თავდაცვის მაღალჩინოსანმა CNN-ს დაუდასტურა, რომ ოსტინი, რომელიც ამჟამად ბრიუსელში იმყოფება NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, ისრაელში ნეთანიაჰუსთან შესახვედრად გაემგზავრება. ოფიციალურმა პირმა განმარტა, რომ ოსტინი ასევე შეხვდება თავდაცვის მინისტრს და ისრაელის „ომის კაბინეტს.“

„ოსტინი მოუთმენლად ელის ისრაელის ლიდერებთან სიღრმისეულად საუბარს მათი ოპერატიული დაგეგმვისა და ამ კონფლიქტის მიზნების შესახებ ჰამასის ISIS-ის ტიპის სასტიკი თავდასხმის საპასუხოდ,” - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.


7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.


9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა.

12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.