ბლინკენი: ვიდრე ამერიკა არსებობს, ისრაელს არასდროს მოუწევს თავის მარტო დაცვა

„წარმოუდგენლად რთული დროა არამხოლოდ ამ ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. მე თქვენთან მოვედი არა როგორც მხოლოდ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, არამედ, როგორც ებრაელი. მე პიროვნულად მესმის ის შემზარავი ექო, რაც „ჰამასის“ მიერ ჩადენილმა მკვლელობებმა გამოიწვია არამხოლოდ ისრაელში მცხოვრები ებრაელებისთვის, არამედ, ყველა ებრაელისთვის მთელ მსოფლიოში,“ - ასე მიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის პრემიერს ბენიამინ ნეთანიაჰუს თელ-ავივში, შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„თქვენთან მოვედი, როგორც მამა, ახალგაზრდა შვილების მამა. ჩემთვის შეუძლებელია, დაღუპული ოჯახების ფოტოებს ვუყურო, ვუყურო მოკლული დედ-მამისა და სამი შვილის ფოტოს და საკუთარ შვილებზე არ ვიფიქრო. ჩვილები დახოცეს, გვამები წაბილწეს, ახალგაზრდები ცოცხლად დაწვეს, ქალები გააუპატიურეს, მშობლები დახვრიტეს შვილების თვალწინ, ბავშვები მშობლების თვალწინ. როგორ უნდა გავიგოთ ეს, როგორ უნდა აღვიქვათ?“- აღნიშნა ბლინკენმა.


ბლინკენის თქმით, ისრაელს მხოლოდ საკუთარი ძალებით თავის დაცვა არასდროს მოუწევს, რადგან აშშ მუდამ მის გვერდით იქნება.

„გზავნილი, რომელიც მე ისრაელში ჩამოვიტანე არის შემდეგი: შეიძლება საკმარისად ძლიერი იყოთ, რომ დაიცვათ საკუთარი თავი, მაგრამ სანამ ამერიკა იარსებებს, არასოდეს მოგიწევთ ეს. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენ გვერდით,“ - აღნიშნა ბლინკენმა.


მან გაიმეორა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მკაფიო გაფრთხილებასნებისმიერი მოწინააღმდეგის მიმართ, იქნება ეს სახელმწიფო თუ არასახელმწიფო, რომელიც ფიქრობს რომ მიმდინარე კრიზისით ისარგებლებს: „ნუ გააკეთებთ ამას.“

„ჩვენ ვაგრძელებთ ისრაელთან მჭიდრო თანამშრომლობას "ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი კაცების, ქალების, ბავშვების, მოხუცების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. ჩვენ მივმართავთ ინტენსიურ დიპლომატიას მთელ რეგიონში, რათა თავიდან ავიცილოთ კონფლიქტის გავრცელება და მე ამას გავაკეთებ უახლოეს დღეებში ჩემი მოგზაურობის განმავლობაში,“ - განაცხადა ბლინკენმა.