2024 წლის ბიუჯეტის პროექტით, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 110 მლნ-ით იზრდება

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.


პარლამენტის ცნობით, მომხსენებელმა ძირითადი ყურადღება იმ უწყებების დაფინანსებაზე გაამახვილა, რომლებიც კომიტეტის ინტერესის სფეროში შედიან. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია ერთი მილიარდ 370 მილიონი ლარი, რაც 2023 წლის დამტკიცებულ გეგმას 110,0 მლნ ლარით აღემატება. გამოყოფილი თანხის ფარგლებში თავდაცვის ინფრასტრუქტურისა და მისი შესაძლებლობების განვითარებისათვის გათვალისწინებულია 330,0 მლნ ლარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს ერთ მილიარდ 210 მლნ ლარს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გათვალისწინებულია 205 მლნ ლარი, იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის -263 მლნ. ლარი, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტისთვის - 17 მლნ 500 ათასი ლარი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის - 90 მლნ ლარი.


„მომდევნო წლის ბიუჯეტს ვგეგმავთ 5,2%-ის ოდენობის ეკონომიკურ ზრდაზე. ნომინალური მშპ იქნება 85,4 მლრდ ლარი, ბიუჯეტის დეფიციტს ვამცირებთ და იქნება 2,5% მშპ-სთან მიმართებაში, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი იქნება 38,2%-ის ფარგლებში. ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები იქნება 23 მლრდ 882 მლნ ლარი, ხოლო ბიუჯეტის ჯამური ხარჯვითი ნაწილი 24 მლრდ 161 მლნ ლარი,“ - განცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ. მისივე ინფორმაციით, ბიუჯეტის თანხის მესამედზე მეტი ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე მიემართება.


როგორც გიორგი კაკაურიძემ განმარტა, წარმოდგენილია ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტი, კომიტეტებთან და სამინისტროებთან მუშაობას გააგრძელებენ, მოხდება ფისკალური რესურსების გადათვლა, რის შემდეგაც ჩამოყალიბდება კანონპროექტის საბოლოო ვერსია. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია ნოემბრის შუა რიცხვებში წარედგინება პარლამენტს. სხდომაზე გამოითქვა წინადადებები და რეკომენდაციები, რომლებიც საბოლოოდ კომიტეტის დასკვნაში აისახება.

„სახელმწიფო ბიუჯეტის ის ნაწილი განვიხილეთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვას და უსაფრთხოებას უკავშირდება. მისასალმებელია, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის საბიუჯეტო ასიგნებების ზრდა ხდება, რაც კიდევ უფრო გაზრდის როგორც ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობებს, ასევე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანობას. ეს, რა თქმა უნდა, ხორციელდება ჩვენი მყიფე უსაფრთხოების გარემოს შესაბამისად, ისევე როგორც იმ ამოცანების შესასრულებლად, რაც ჩვენი უსაფრთხოების და თავდაცვის სისტემის წინაშე დგას“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა პროექტს მხარი დაუჭირა.

პრემიერ-მინისტრმა 29 სექტემბერს განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი გაიზრდებოდა.