უკრაინის პრეზიდენტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინის წარმატებული წინააღმდეგობა რუსეთის აგრესიისადმი, პერსპექტივას უხსნის საქართველოსთვის, რომ მომავალში ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება შეძლოს.
ამის შესახებ ზელენსკიმ ონლაინ ფორმატში ისაუბრა გაერთიანებული საექსპედიციო ძალების წევრი ქვეყნების სამიტზე, რომელიც შვედეთში მიმდინარეობს.
ზელენსკიმ მეგობარ ქვეყნებს შორის რეგიონული თანამშრომლობის ფორმატების მნიშვნელობაზე ისაუბრა და დეტალურად განმარტა, თუ როგორ ავითარებს უკრაინა თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონის მეზობლებთან - რუმინეთთან, მოლდოვასთან, ბულგარეთთან, თურქეთთან.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მთელი ევროპის კონტინენტის სტაბილურობა და უსაფრთხოება დამოკიდებულია სტაბილურობაზე შავი ზღვის რეგიონსა და მთლიანად აღმოსავლეთ ევროპაში.
„უსაფრთხოების ახალი პერსპექტივები გაჩნდება შავი ზღვის რეგიონთან მეზობელ სამხრეთ კავკასიაში ცვლილებების წყალობითაც. ეს ჩვენს საერთო უსაფრთხოებას მისცემს პოტენციალს აქ, ევროპის ჩვენს ნაწილში. განსაკუთრებით, როდესაც რუსეთის აგრესიისგან ჩვენი დაცვის წყალობით, საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ახალი პერსპექტივები გაიხსნება,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა დღევანდელ ვითარებას „ისტორიული გზაგასაყარი“ უწოდა.
„მხოლოდ ორი ვარიანტია: ან ტერორისტული რუსეთი მოახერხებს თავისუფლების გატეხას, და მაშინ მთელ ჩვენ კონტინენტზე გავრცელდება გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ზონა, რომელიც ევროპის აღმოსავლეთში არსებობს, ან თანამშრომლობის ბევრი დონისა და ფორმატის მეშვეობით, კერძოდ რეგიონალური, თავისუფლების ჩვენი საერთო დაცვით, რუსეთი ამ წინააღმდეგობაში აგებს. და როდესაც ის აგებს, შედეგად, რეალიზებული იქნება ისტორიული შანსი გეოპოლიტიკური სტაბილურობისთვის მთელი ხაზის გასწვრივ, სკანდინავიიდან მინსკისა და კიევის გავლით, სამხრეთ კავკასიამდე“,- განაცხადა ზელენსკიმ.