ნიდერლანდები უკრაინას Patriot-ის რაკეტებს გაუგზავნის

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე დაუანონსებელი ვიზიტით დღეს ოდესაში ჩავიდა.

რუტეს თქმით, ის ოდესაში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოწვევით ჩავიდა რათა აჩვენოს, რომ ისრაელსა და ღაზაში საშინელი მოვლენები ყურადღებას არ გადაიტანს უკრაინის მხარდაჭერისგან.


„უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს გავაგრძელებთ, რამდენიც საჭირო იქნება. ამ ზამთარს რუსეთი ეცდება უკრაინას რაც შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს. ამიტომ ნიდერლანდები დამატებით Patriot-ის რაკეტებს მიაწვდიან, რათა უკრაინამ რუსეთის ბარბაროსული ავიადარტყმებისგან საკუთარი თავის დაცვა შეძლოს,“ - წერს რუტე.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში ოდესის პორტს ეწვია, „სადაც უკრაინელი სამოქალაქო პირები ყველაზე რთულ პირობებში მუშაობენ“.

„ნიდერლანდები უკრაინას დაეხმარება საპატრულო კატერები შეიძინოს, რომლებიც მარცვლეულის ექსპორტის საზღვაო გზების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმარება“, - წერს რუტე.