ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორთან საზღვარზე, ფრონტის ხაზზე განთავსებული სამხედროები მოინახულა.
„ღაზასთან, ფრონტის ხაზზე სამხედროებთან ერთად. ჩვენ ყველა მზად ვართ”, – დაწერა ისრაელის პრემიერმა სოციალურ ქსელში.
„მზად ხართ შემდეგი ეტაპისთვის? შემდეგი ეტაპი ახლოვდება,” - პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორთან მყოფ სამხედროებს ამ სიტყვებით მიმართა.
პრემიერის ოფისის ინფორმაციით, ნეთანიაჰუმ კიბუცებში, კფარ აზასა და ბეერში „იმ სახლების ნანგრევებში გაიარა, სადაც ეს საშინელი ხოცვა-ჟლეტა მოხდა."
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელი ღაზას სექტორში „მნიშვნელოვანი სახმელეთო ოპერაციისთვის” მზადებას ასრულებს.
განცხადების თანახმად, ისრაელის თავდაცვის ძალები „შეტევითი ოპერატიული გეგმების ფართო სპექტრის” განხორციელებით „შეტევის გაფართოებისთვის” ემზადება, რომლებიც, მათივე ცნობით, „ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან ერთიან და კოორდინირებულ შეტევას” მოიცავს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისინი ასობით ათასი რეზერვისტის გაწვევას ასრულებენ და ახლა სახმელეთო ოპერაციისთვის საჭირო აღჭურვილობით მათ მომარაგებაზე მუშაობა მიმდინარეობს.
„ისრაელის თავდაცვის ძალების ბატალიონები და ჯარისკაცები მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან განლაგებული და მზად არიან ომის შემდეგი ეტაპისთვის გაზარდონ მზადყოფნა, მნიშვნელოვან სახმელეთო ოპერაციაზე აქცენტით,” - აღნიშნულია განცხადებაში.
7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა.
12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.
13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.