ისრაელის თავდაცვის ძალები: ძირითადი სამხედრო ოპერაციები ღაზაში მაშინ დაიწყება, როდესაც მშვიდობიანი მოქალაქეები ტერიტორიას დატოვებენ

ისრაელი ღაზაში ძირითად სამხედრო ოპერაციებს მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს, რაც დაინახავს, რომ მშვიდობიანმა მოსახლეობამ ტერიტორია დატოვა, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ჯონათან კონრიკუსმა CNN-ს განუცხადა.

„ის, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ, არის, რომ ჩვენ დავიწყებთ მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავინახავთ, რომ მშვიდობიანმა მოსახლეობამ ტერიტორია დატოვა ,“ - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.


მისი თქმით, ისრაელმა ღაზის მოსახლეობა წინასწარ გააფრთხილა, რომ სამხრეთ ნაწილში გადასულიყო.

„ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ღაზაში მცხოვრებმა ხალხმა იცოდეს, რომ ჩვენ ძალიან, ძალიან სულგრძელობა გამოვიჩინეთ დროსთან დაკავშირებით. ჩვენ გავეცით დიდი გაფრთხილება, 25 საათზე მეტი ხნის წინ. დროა, ღაზის მცხოვრებლები წავიდნენ. აიღეთ თქვენი ნივთები, წადით სამხრეთში. გადაარჩინეთ თქვენი სიცოცხლე და ნუ გაებმებით ხაფანგში, რომელსაც „ჰამასი“ გიგებთ“, - აღნიშნა ჯონათან კონრიკუსმა.


სპიკერის თქმით, ღაზის სექტორის მიმდებარე ტერიტორია სავსეა ისრაელის ასობით ათასი სარეზერვო ქვედანაყოფით, რომლებიც სხვადასხვა მისიებისთვის ემზადებიან.

შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის არმია ღაზის სექტორზე თავდასხმას სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით გეგმავს. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისინი ასობით ათასი რეზერვისტის გაწვევას ასრულებენ და ახლა სახმელეთო ოპერაციისთვის საჭირო აღჭურვილობით მათ მომარაგებაზე მუშაობა მიმდინარეობს.

„ისრაელის თავდაცვის ძალების ბატალიონები და ჯარისკაცები მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან განლაგებული და მზად არიან ომის შემდეგი ეტაპისთვის გაზარდონ მზადყოფნა, მნიშვნელოვან სახმელეთო ოპერაციაზე აქცენტით,” - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.


ცნობისთვის, ისრაელის სამხედროებმა ღაზის ჩრდილოეთით მცხოვრები 1,1 მილიონი ადამიანი გააფრთხილეს, რომ ისრაელის პოტენციური სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე სახლები დაეტოვებინათ.

„ღაზა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა, სადაც 2 მილიონზე მეტი ადამიანია. ახლა მთელ მოსახლეობას ეუბნებიან, რომ გადავიდნენ ზოლის სამხრეთ ნაწილში, რასაც გაერო შეუძლებლად მიიჩნევს,“ - წერს CNN.

გაეროს მსგავსად, 24-საათიან ევაკუაციას შეუძლებლად მიიჩნევს Amnesty International-იც.


უფლებადამცველი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ისრაელის ბრძანება ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ, „დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს."

„ეს ბრძანება „შეიძლება, მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით გადაადგილებად და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევად ჩაითვალოს,“ ნათქვამია Amnesty International-ის განცხადებაში. გაეროში ისრაელის ელჩმა განაცხადა, რომ ისრაელი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ღაზაში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი შემცირდეს.