ისრაელის ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ ღაზის სექტორის სამხრეთში წყლის მიწოდება აღდგენილია

ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ღაზის სექტორის სამხრეთისთვის წყლის მიწოდების აღდგენის შესახებ. კაცის თქმით, ამის თაობაზე შეთანხმდნენ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ისრაელის პრემირ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ.
 
ამასთან, ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა CNN-ს განუცხადა, რომ ისრაელის ოფიციალურმა პირებმა მას აცნობეს, რომ სამხრეთ ღაზაში წყლის მილები ჩართულია.

7 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე „ჰამასის“ შეჭრის შემდეგ ისრაელმა დაიწყო ღაზის სექტორის დაბომბვა, გადაიკეტა მთელი ტერიტორიის საზღვრები და შეწყდა ელექტროენერგიის, წყლის და საწვავის მიწოდება.

სამი დღის წინ ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორს არ ექნება ელექტროენერგია, წყალი და საწვავი, სანამ „ჰამასი“ არ გაათავისუფლებს მძევლებს.

გაეროს ექსპერტებმა ისრაელის მხრიდან დაბომბვა დაგმეს, როგორც „კოლექტიური სასჯელი", რომელიც "ომის დანაშაულს" წარმოადგენს.