ტურავა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე: სამართლებრივად გადასაწყვეტად ჩვენთვის განსაკუთრებულ სირთულეებთან არ იყო დაკავშირებული

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე გადაწყვეტილებას ხელს მოსამართლე 12:00 საათისთვის მოაწერს და შესაძლებელია, მანამდე მოსამართლემ თავისი პოზიცია შეცვალოს. ტურავას თქმით, პროცესი დღის განმავლობაში დასრულდება.


მისი განმარტებით, ხელმოწერის შემდეგ, დაახლოებით 2 საათი სჭირდება სამართლებრივ დეპარტამენტს, რომ ექსპერტიზა გაიაროს, რომ ტექნიკური ხარვეზი არ იყოს, მათ შორის მუხლების მითითება და ასე შემდეგ. ამის შემდეგ გადაწყვეტილება სასამართლოს დარბაზში საჯაროდ გამოცხადდება. ტურავამ აღნიშნა, რომ მათ აქვთ ვალდებულება, გადაწყვეტილება პარლამენტს დღესვე გადაუგზავნონ.

„სამართლებრივად გადასაწყვეტად ჩვენთვის განსაკუთრებულ სირთულეებთან არ იყო დაკავშირებული.“„ჩვენ ვიცით ერთმანეთის პოზიცია და თათბირის საიდუმლოებას ვერ გავამჟღავნებ, მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც სამართლებრივად დასაბუთებული იქნება,“ - განუცხადა ტურავამ მედიას ბათუმში. ამასთან, ტურავამ გამორიცხა ზეწოლის შესაძლებლობა და აღნიშნა, რომ ზეწოლის გარეშეც იციან, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.  


შეკითხვას, იქონიებს თუ არა გავლენას ის გარემოება, რომ ქვეყანა სტატუსის მოლოდინშია, ტურავამ უპასუხა, რომ 50-გვერდიან დოკუმენტში ყველაფერია, რაც დასკვნის დასაბუთებას უკავშირდება. „არცერთი იურისტი არ არის არ არის ისეთი საკონსტიტუციოში, რომელიც დაუსაბუთებელ დასკვნას მოაწერს ხელს.

ჩვენი დასკვნა სამართლებრივად სწორი იქნება, ამაზე ბევრს შეუძლია, თავისი აზრი გამოხატოს, სპეკულაციური, მაგრამ საბოლოო ჯამში, ჩვენ არ ვართ უფლებამოსილი, არც პოლიტიკურად, არც ემოციურად მივიღოთ გადაწყვეტილება, ვისაც არ უნდა ვუჭერდეთ მხარს, ერთ ან მეორე მხარეს. ჩვენი გადაწყვეტილება უნდა იყოს დაფუძნებული მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივ არგუმენტებზე, კონსტიტუციის მუხლებსა და მის სწორ ინტერპრეტაციაზე.“


გაივლის თუ არა დამოუკიდებლობის ტესტს სასამართლო, მერაბ ტურავამ ამ შეკითხვას უპასუხა: „ობიექტური დამკვირვებლის პოზიციიდან - კი, მაგრამ თუ იქნება პოლიტიკურად ანგაჟირებული, მიკერძოებული, მას შეიძლება, აზრი არ აინტერესებდეს აზრი - ჩვენს პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებსაც სამართლებრივი არგუმენტები არ აინტერესებთ. “


საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნას დღეს გამოაცხადებს.

„ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილების აღსრულებისთვის საჭირო ხმები არ აქვს. „ნაციონალური მოძრაობა„ კენჭისყრაზე შეცვლას არ აპირებს. ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ უჭერენ.