საია: პრეზიდენტი 78-ე მუხლის მიერ დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად მოქმედებდა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპოიჩმენტის პროცედურის დაწყება უსაფუძვლოა, რადგან სალომე ზურაბიშვილი კონსიტუციის 78-ე მუხლის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულების შესაბამისად მოქმედებდა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება პრეზიდენტის წინააღმდეგ მმართველი პარტიის მიერ წამოწყებულ დავას იმპიჩმენტის შესახებ. ორგანიზაციის აზრით, აუცილებელია საქართველოს კონსტიტუციის თითოეული დებულების მისი ნამდვილი მიზნის შესაბამისად განმარტება და მათი პრაქტიკაში გამოყენება.

კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი ქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია საგარეო ურთიერთობების წარმოებასთან და ქვეყნის საგარეო კურსთან, უნდა განახორციელონ იმ სულისკვეთებით, რომელიც სპეციალურ ნორმაში - 78-ე მუხლშია ასახული. სხვა სიტყვებით, უფლებამოსილებები, რომელიც ინსტრუმენტს წარმოადგენს ყველა გაგებით, მათ უნდა გამოიყენონ შინაარსობრივი კომპეტენციის შესასრულებლად, ამ შემთხვევაში ევროკავშირში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ასევე გასათვალისწინებელია საგარეო პოლიტიკის სფეროში სახელმწიფოს პოზიციის „ერთ ხმაში გაჟღერების“ საჭიროება.


აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა პრეზიდენტის  მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, ვინაიდან პრეზიდენტი მოქმედებდა კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად, ხოლო მთავრობამ თავად არ შეასრულა შემხვედრი ვალდებულება, რომელიც თანხმობის გაცემას გულისხმობდა პრეზიდენტის მიერ ისეთი ქმედებების სისრულეში მოსაყვანად, როგორიცაა ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებისთვის შეხვედრების და მოლაპარაკებების წარმოება.

პარლამენტს არ აქვს ვალდებულება, სასამართლოს დასკვნით დადგენილი, კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი აუცილებლად გადააყენოს. იმპიჩმენტი პოლიტიკურ-სამართლებრივი ელემენტების მქონე პროცესს წარმოადგენს. სამართლებრივი მხარე იკვეთება მისი დაწყების საფუძვლებში და სასამართლოს მიერ მათ დადასტურებაში, ხოლო პოლიტიკური კი - საპარლამენტო ორგანოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაში. თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, მაგრამ პარლამენტი ვერ შეძლებს კონსტიტუციით დადგენილ ვადაში (დასკვნის მიღებიდან 2 კვირაში) პრეზიდენტის გადაყენებას იმპიჩმენტის წესით, იმავე საფუძვლით იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დაუშვებელია.  შესაბამისად, სახელმწიფოს შეიძლება ჰყავდეს მეთაური, რომელიც ფორმალურად კონსტიტუციის დამრღვევია, თუმცა მაინც თანამდებობაზეა. ეს აიხსნება იმით, რომ იმპიჩმენტის პროცესი არის პოლიტიკური და საბოლოო გადაწყვეტილება საკანონმდებლო ხელისუფლების ხელშია.


იმის გათვალისწინებით, რომ მოახლოებულია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მომენტი, პრეზიდენტის ეს ვიზიტები არსებით მნიშვნელობას იძენს, ხოლო მთავრობის მხრიდან ამ აქტივობების დაყოვნება თუ ხელშეშლა, თავად მთავრობის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე მიანიშნებს.


სრული შეფასება იხილეთ ბმულზე