„მოლდოვა დღეს აღარ ყიდულობს რუსულ გაზს კომპანია „გაზპრომისგან“. ჩვენ ვყიდულობთ გაზს ბაზარზე, რაც ნიშნავს, რომ რუსეთი ვერ გვაშანტაჟებს, როგორც წინა წლებში გვაშანტაჟებდა. ყოველ ჯერზე, როდესაც მათ მოლდოვის პოლიტიკა არ მოსწონდათ, ისინი გვიბრუნდებოდნენ და გვეუბნებოდნენ: ჩვენ ვწყვეტთ თქვენთვის გაზის მოწოდებას,“ - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.
მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, გარდა იმისა, რომ მოლდოვამ უკვე შექმნა ზამთრისთვის ბუნებრივი აირის გარკვეული მარაგი, კიშინიოვს წელს საკმარისი ელექტროენერგიაც ექნება.
მაია სანდუ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ბინძური, კორუფციული ფულის პრობლემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მოლდოვის პროკურატურა ცდილობს, რათა მიაღწიოს ისრაელიდან პრორუსული პარტია „შორის“ ლიდერის, ილან შორის ექსტრადიციას. მას მოლდოვის სასამართლომ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა საბანკო მაქინაციებში მონაწილეობის გამო.
„[ილან] შორი სანქციების სიაში ჰყავს შეყვანილი ევროკავშირის მრავალ ქვეყანას. აქედან გამომდინარე, სავსებით ნათელია, რომ ჩვენ წინაშე დგას ეროვნულ უსაფრთხოებასთან და რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებული საკითხები. და ეს ყველაზე მეტად იჩენს თავს ამ არჩევნების დროს. ჩვენ უნდა დავიცვათ თავი და ყველაფერს გავაკეთებთ საკუთარი თავის დასაცავად. არჩევნები დემოკრატიაა. იმას, რასაც რუსეთი მოლდოვაში თავის უკანონო, ბინძურ ფულით ცდილობს, არჩევნებთან საერთო არაფერი აქვს,“ - განაცხადა მაია სანდუმ.
მოლდოვის დღევანდელი ხელისუფლება და დასავლელი პოლიტიკოსები „შორს“ ადანაშაულებენ ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობაში და პარტიას პრორუსულს უწოდებენ. მისი აკრძალვა დაკავშირებულია მოსკოვის გავლენის შემცირების სურვილთან. თავად „შორის“ წარმომადგენლებმა ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს.
ოქტომბრის დასაწყისში მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვა, რომ ნოემბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცემათ პარტია „შორის“ ყოფილ წევრებს. პარტია იმავე სასამართლომ რამდენიმე თვის წინ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა და მას შემდეგ ის დაშლილად მიიჩნეოდა.
მოლდოვის პარლამენტი აპირებს, დაამტკიცოს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც პრორუსული პარტიის - „შორის“ წევრებს არჩევნებში მონაწილეობას აუკრძალავს, განაცხადა პარლამენტის სპიკერმა, იგორ გროსუმ 4 ოქტომბერს.
- მოლდოვა პრორუსი ოლიგარქის, ილან შორის პარტიის წევრებისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას გეგმავს