აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ისრაელში ვიზიტს „სტრატეგიული მნიშვნელობა“ ექნება მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) წარმომადგენელმა დანიელ ჰაგარმა განაცხადა, როდესაც ჰკითხეს ბაიდენის შესაძლო ვიზიტის შესახებ. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
„ეს სტრატეგიული მნიშვნელობის იქნება მთელი აღმოსავლეთისთვის. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ისრაელში მოდის, რათა მოისმინოს სრული მოხსენება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის და ყველა იმ ქმედების შესახებ, რომელიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ,“ - განაცხადა ჰაგარმა. ეს კომენტარი იმ დროს გაკეთდა, როცა ბაიდენის ვიზიტის შესახებ აშშ-ს ოფიციალურად არ ჰქონდა გამოცხადებული. აშშ-ის პრეზიდენტს ისრაელში ხვალ ელოდებიან.
მისივე თქმით, ისრაელის ამჟამინდელი ფოკუსი არის ღაზა და ის ნაბიჯები, რომლებსაც ისრაელი აპირებს, რომ გადადგას.
7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა.
12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.
13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.