ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ტირანაში, ბალკანეთის სამიტზე განაცხადა, რომ ევროკავშირი ღაზის სექტორის მიმართულებით, ჰუმანიტარულ საჰაერო დერეფანს გახსნის.
ლაიენის თქმით, ევროკავშირი ეგვიპტის გავლით ღაზას მიმართულებით ჰუმანიტარულ საჰაერო დერეფანს გახსნის. პირველი რეისები მიმდინარე კვირიდან არის მოსალოდნელი.
„პალესტინელებს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროებათ. სწორედ ამიტომ… ჩვენ ვხსნით ევროკავშირის ჰუმანიტარულ საჰაერო ხიდს ღაზას მიმართულებით ეგვიპტის გავლით. პირველი ორი რეისი მიმდინარე კვირაში შედგება,“ - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ამ შაბათ-კვირას, ევროკავშირი გაზრდის ჰუმანიტარულ დახმარებას 75 მილიონ ევრომდე (79 მილიონი აშშ დოლარი) ღაზის სექტორში გაჭირვებული მშვიდობიანი მოსახლეობის მხარდასაჭერად.
ევროკავშირის განმარტებით, „დაფინანსება გადანაწილდება ევროკავშირის მიერ შერჩეული ჰუმანიტარული პარტნიორების მეშვეობით, რომლებიც ადგილზე მოქმედებენ, შესაძლებლობებისა და ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით.“