გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი არ დაუჭირა რუსეთის რეზოლუციას, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოუწოდებდა.
გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე გამართული კენჭისყრის დროს რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა ოთხმა ქვეყანამ: აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა და იაპონიამ მისცეს, რეზოლუციას მხარი ხუთმა ქვეყანამ დაუჭირა, თავი კი, ექვსმა შეიკავა.
გაეროში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა რუსეთი გააკრიტიკა იმის გამო, რომ რეზოლუციაში „ჰამასი“ ნახსენებიც არ არის.
„„ჰამასის" არდაგმობით, რუსეთი ხელს აფარებს ტერორისტულ დაჯგუფებას, რომელიც სისასტიკეს სჩადის უდანაშაულო მოქალაქეების მიმართ. ეს არის აღმაშფოთებელი, ეს არის თვალთმაქცობა,“ - განაცხადა თომას-გრინფილდმა უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, როდესაც რეზოლუციის წინააღმდეგ ხმის მიცემასთან დაკავშირებით აშშ-ის გადაწყვეტილება განმარტა.
ომის შესახებ კიდევ ერთ რეზოლუციას, რომელიც გმობს "ჰამასის საზარელ ტერორისტულ თავდასხმებს" და რომელიც ბრაზილიამ მოამზადა, კენჭს ხვალ უყრიან.