სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა, რომ სახალხო დამცველის აპარატმა სასამართლო მეგობრის მოსაზრება იმიტომ არ წარადგინა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებს არ მიუმართავთ.
„პრეზიდენტის წარმომადგენლებს ამ მოსაზრებისთვის არ მოუმართავთ, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ პროცესი, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს არ არის კავშირში კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ უფლებებთან. თუნდაც, რომ მოემართათ, ვფიქრობ, ამის მომზადების შესაძლებლობა არ იქნებოდა, ვინაიდან ეს არ უკავშირდება იმ უფლებებს, რომელიც კონსტიტუციის მეორე თავით არის გათვალისწინებული. იმპიჩმენტის პროცესი არის პოლიტიკური პროცესი და ამიტომ პარლამენტში გადაინაცვლა. რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას - მე ამის შეფასებას, ბუნებრივია, ვერ მოვახდენ," - განაცხადა იოსელიანმა.
"მე მოსამართლეების განსხვავებული აზრი არ წამიკითხავს, თუმცა როგორიც არ უნდა იყოს განსხვავებული აზრი, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების რევიზიას სახალხო დამცველი ვერ გააკეთებს," - აღნიშნა იოსელიანმა IPN-ის ცნობით.
საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, 9 მოსამართლიდან 6 მოსამართლის მხარდაჭერა აქვს. სამი მოსამართლის შეფასება ჯერ არ გამოქვეყნებულა.