სანქციების გვერდის ავლის პრევენცია, აშშ-ის მხარდაჭერა, ისრაელის საკითხი - ამერიკის ელჩი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ კომენტარს აკეთებს

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რობინ დანიგენმა შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის გაღრმავებას.

„უაღრესად ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა შალვა პაპუაშვილთან, ძალიან ვაფასებ მასთან და მის გუნდთან შეხვედრას. ჩვენ განვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის, ჩვენი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების სურვილი. ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ უჭერს შეერთებული შტატები მხარს ყველა იმ სამუშაოს, რომელსაც საქართველო ასრულებს ევროკავშირთან და NATO-სთან ინტეგრაციისთვის. ჩვენ, ასევე, განვიხილეთ ჩვენი ეკონომიკური კავშირების, ვაჭრობის, ორმხრივი ინვესტიციების გაფართოების სურვილი, რასაც დიდად ვუჭერ მხარს.

მე, ასევე, გამოვხატე ჩვენი ღრმა მადლიერება ამ ურთულეს მომენტში ისრაელისადმი საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის, შეერთებული შტატებისა და საქართველოს მხარდამხარ დგომისთვის და ჩვენი მხარდაჭერისთვის ისრაელის მიმართ.

მე, ასევე, გამოვთქვი მადლიერება საქართველოს ძალიან ეფექტიანი მოქმედების მიმართ, რომელიც მიმართულია სანქციების გვერდის ავლის პრევენციისკენ და ხელს უშლის რუსეთში იმ საქონლის შეღწევას, რაც დაეხმარება რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში. ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების შესრულებას.

ბოლოს ვისაუბრეთ ჩვენს 31-წლიან პარტნიორობასა და მეგობრობაზე, წინ კი მრავალი წელია. ეს ორივე ქვეყნის სურვილია, გავაღრმაოთ ეს მეგობრობა უფრო მეტ ადამიანთან ურთიერთობით, უფრო მეტი ვიზიტით შეერთებულ შტატებსა და საქართველოში. მე მოუთმენლად ველი საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობას, აქ ჩემი ელჩობის განმავლობაში,’’ - აღნიშნა ელჩმა პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით.