Reuters: პუტინი და ორბანი კიდევ ერთხელ ადასტურებენ რუსეთ-უნგრეთის კავშირებს საერთაშორისო დაძაბულობის ფონზე

Reuters-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და მისმა უახლოესმა მოკავშირემ ევროკავშირის ლიდერებს შორის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, უკრაინის ომის გამო საერთაშორისო დაძაბულობის ფონზე, ორმხრივი კავშირებისადმი ერთგულება დაადასტურეს.

შეხვედრა ჩინეთში, „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ფორუმის ფარგლებში შედგა. ორბანის სპიკერის ცნობით, მხარეებმა განიხილეს გაზისა და ნავთობის გადაზიდვებისა და ბირთვული ენერგიის საკითხები. როგორც ცნობილია, 2014 წლის ტენდერის გარეშე გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, რუსული ენერგეტიკული გიგანტი Rosatom ატომურ ელექტროსადგურს უნგრეთში აშენებს.


ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპისთვის, მათ შორის უნგრეთისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების დასრულებას და უკრაინაში ბრძოლების შეწყვეტას და ლტოლვილთა ნაკადის შეჩერებას.

„პუტინმა და ორბანმა ბოლოს პირისპირ 2022 წლის პირველ თებერვალს ისაუბრეს. მაშინ რამდენიმესაათიანი შეხვედრა მოსკოვში შედგა - ზუსტად სამი კვირით ადრე რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე უკრაინაში.


„მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ გეოპოლიტიკურ პირობებში კონტაქტის დამყარებისა და ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია, შეუძლებელია, არ გამოიწვიოს კმაყოფილება იმან, რომ ევროპის ბევრ ქვეყანასთან ურთიერთობას ვინარჩუნებთ, ვავითარებთ. ამ ქვეყნებიდან ერთ-ერთია უნგრეთი," - განაცხადა პუტინმა პეკინში.

„იყო რთული შეხვედრები, მაგრამ ისეთი რთული, როგორიც ესაა, აქამდე არ ყოფილა. ასეთ სიტუაციაში ჩვენ არასდროს ვყოფილვართ. უნგრეთს არასდროს სურდა რუსეთთან დაპირისპირება, პირიქით, უნგრეთის მიზანი ყოველთვის იყო საუკეთესო კონტაქტის დამყარება და გაფართოება და ჩვენ ეს შევძელით," – განაცხადა თავის მხრივ, ვიქტორ ორბანმა პუტინთან შეხვედრის დროს, პეკინში, რუსული მედიის ცნობით.

ორბანი პეკინში ჩასვლამდე საქართველოში იმყოფებოდა.