პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად ლევან ნემსაძე და გოგა კიკილაშვილი 90 ხმით აირჩია.
ლევან ნემსაძის შემთხვევაში კენჭისყრა ორჯერ გაიმართა. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, პირველ ჯერზე ტაბლოზე მხოლოდ 89 ხმა დაფიქსირდა მაშინ, როცა ასარჩევად საჭირო კვორუმი 90 ხმას შეადგენს. ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგის შემდეგ „ქართული ოცნების“ ფრაქციის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ხელახალი კენჭისყრის საკითხი დააყენა, რადგან, მისი თქმით, „რომელიღაც პულტმა არ იმუშავა.“
ხელმეორედ კენჭისყრის შემდეგ ლევან ნემსაძე იუსტიციის საბჭოს წევრად 90 ხმით აირჩიეს.
აღსანიშნავია, რომ მათთან ერთად კიდევ ორ კანდიდატს უყარეს კენჭი: რუსუდან კვინიკაძესა და ნინო ნიშნიანიძეს, თუმცა, აღნიშნულმა კანდიდატურებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევად საჭირო ხმათა რაოდენობა ვერ დააგროვეს.
ამით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5-ვე არამოსამართლე წევრის ვაკანსია შეივსო.
პარლამენტის მაისის თვეში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ტრისტან ბენაშვილი (93 ხმით), გიორგი გზობავა (91 ხმით) და ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმით) აირჩია.