ისრაელის თავდაცვის ძალები: მტკიცებულება ადასტურებს, რომ ღაზის სექტორში, საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების უკან ისრაელი არ დგას

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორში, საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების ადგილზე კრატერის არარსებობა ადასტურებს იმას, რომ ამ შეტევის უკან ისრაელი არ იყო.

ისრაელის თავდაცვის ძალები დრონით გადაღებულ 30-წამიან ვიდეოს ავრცელებს. 

მისივე განცხადებით, ალ-აჰლის ბაპტისტურ საავადმყოფოს ტერიტორიაზე აფეთქება ისრაელის შეტევას არ გამოუწვევია, რადგან ასეთ შემთხვევაში აფეთქების შემდეგ კრატერი დარჩებოდა და არა ცეცხლმოკიდებული ავტოსადგომი.

როგორც ისრაელის მხარე განმარტავს, აფეთქების ადგილზე დიდი ხანძარი გაჩნდა, მაგრამ იქ კრატერი არ არის. მათი შეტევები კი, როგორც წესი, თავდასხმის ადგილებზე დიდი ზომის ხვრელებს ტოვებს.

ხსენებულ ვიდეოკადრებში საავადმყოფოს ავტოსადგომი ჩანს, სადაც დიდი აფეთქება მოხდა.


შეგახსენებთ, ღაზის სექტორში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, „„ისლამური ჯიჰადი“ პასუხისმგებელია წარუმატებლად გასროლილი რაკეტის გამო, რომელიც ღაზაში მდებარე ჰოსპიტალს მოხვდა.“ „ისლამური ჯიჰადი“ აფეთქებასთან კავშირს უარყოფს და ისრაელის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს.


ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.


9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.

12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.

13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.

პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.