აშშ აცხადებს, რომ ერაყში მისი სამხედროების წინააღმდეგ თავდასხმა აღკვეთეს

საერთაშორისო მედიის ცნობით, დღეს, ერაყში აშშ-ის სამხედროებმა, ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალეს, ვიდრე მათი გამოყენებით ალ-ასადის ბაზაზე შეტევას მოაწყობდნენ. აღსანიშნავია, რომ ალ-ასადის საჰაერო ბაზაზე ინციდენტი, ღაზაში საავადმყოფოს აფეთქებიდან რამდენიმე საათში მოხდა.


Reuters-ი წერს, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ერაყში, ალ-ასადის საჰაერო ბაზაზე, თავდასხმა აღკვეთეს.

წყაროებმა არ დააკონკრეტეს, ვინ შეიძლებოდა, ყოფილიყო წარუმატებელი შეტევის უკან, მაგრამ ეს ფაქტი მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც ვაშინგტონი გაძლიერებულ მზადყოფნაშია რეგიონში ისრაელ-„ჰამასის“ ომის შედეგად გაზრდილი დაძაბულობის გამო.

Reuters-ის ცნობით, ბოლო კვირების განმავლობაში, ამერიკელი ოფიციალური პირები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ ერაყსა და სირიაში აშშ-ის ძალებზე თავდასხმების ზრდას ელოდნენ,  ნაწილობრივ, ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობის წლისთავთან დაკავშირებით. გენერალ-მაიორი ყასემ სოლეიმანი, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტურ ქვედანაყოფს, „ყუდსის ძალებს“ 1998 წლიდან ხელმძღვანელობდა. ის აშშ-ის საავიაციო დარყმის შედეგად, 2020 წლის 3 იანვარს მოკლეს. ამ სამხედრო ოპერაციის შემდეგ აშშ-ის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოკლულია მსოფლიოში „ნომერ პირველი ტერორისტი“, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციას უწყობდა ხელს და ამერიკელ დიპლომატებსა და სამხედროებზე თავდასხმებს გეგმავდა. გენერალ სოლეიმანის მკვლელობის გამო, ირანი აშშ-ის შურისძიებით დაემუქრა.