თეგი: ერაყი

აქციის მონაწილეები ბაღდადის ცენტრში, ერაყის პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ

დემონსტრანტები ერაყის პრემიერ-მინისტრად მუჰამედ შიახ ალ-სუდანის წარდგენის გამო, ბაღდადის ცენტრში, მწვანე ზონაში მდებარე პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ.  უსაფრთხოების ძალებმა და სამხედროებმა მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, მაგრამ დემონსტრანტების ნაკადი მაინც ვერ შეაჩერეს.  აქტივისტები ნაციონალური დროშებით ერაყის პარლამენტის ჰოლში იმყოფებიან. დაცვა მათთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობს.  ალ-სუდანის პრემიერად დასახელებას, რადიკალი იმამი მუქთადა ალ-სადრი ეწინააღმდეგებოდა, რომელიც თეირანთან დაახლოებულ შიიტ პოლიტიკოსად ითვლება. ის ქვეყანაში ირანის გავლენის გაძლიერების მოწინააღმდეგეა.    

ირანს ერაყთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება სურს

ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა აზიზ ნასირზადემ განაცხადა, რომ თეირანს ერაყთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება სურს. ნასირზადე ერაყის თავდაცვის უნივერსიტეტის უმაღლესი სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულების პრეზიდენტს, გენერალ-ლეიტენანტ საად მიჟერ მოჰსენ ალ-ალაკს შეხვდა. აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ინტერესების უზრუნველყოფა მოითხოვს ორივე მხარის თანამშრომლობას, რაც ასევე გააძლიერებს ეკონომიკურ კავშირებს. ერაყულმა მხარემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში რეგიონის ყველა ქვეყნის ერთობლივი თანამშრომლობის გაძლიერება აუცილებელი. ალ-ალაკმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე თანამშრომლობის გასაძლიერებლად ერაყს, ირანს, სირიასა და რუსეთს შორის ინფორმაციის გაცვლის ცენტრი შეიქმნა.  

საპროტესტო აქციების ფონზე ერაყში კომენდანტის საათი გამოცხადდა

ერაყის არმიის სარდლობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით, კომენდანტის საათი მას შემდეგ, გამოაცხადა, რაც მომიტინგეებმა დედაქალაქ ბაღდადში ერთ-ერთი სამთავრობო შენობა დაიკავეს. Ahram Online აღნიშნავს, რომ ერაყი გასული ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, კოალიციის შექმნაზე უთანხმოების გამო პოლიტიკურ ჩიხშია. შიიტი ლიდერის მუქთადა ალ-სადრის პარტიამ არჩევნებში გაიმარჯვა, მაგრამ კოალიცია ვერ შექმნა. ალ-სადრმა დღეს განაცხადა, რომ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას, რის შემდეგაც მისი მხარდამჭერები ბაღდადის „მწვანე ზონაში“ მთავრობის სასახლეში და პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში შეიჭრნენ.  

ერაყში შეტაკებებს სულ მცირე, 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ერაყის დედაქალაქში უსაფრთხოების ძალებსა და გავლენიანი შიიტი სასულიერო პირის მუქთადა ალ სადრის მომხრეებს შორის შეტაკებებისას სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა. ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების საქმეზე 4 ადამიანი დააკავეს დაპირისპირება ბაღდადის ქუჩებში ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. დაშავებულია 350 ადამიანი. ამასთან, ერაყის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მუსტაფა ალ-ქადიმიმ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ცნობისთვის, ერაყში პოლიტიკური კრიზისი გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც ალ სადრის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა, თუმცა მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი ხმები ვერ დააგროვა.     

ირანმა ერაყთან საზღვარი დროებით დახურა

ბაღდადში მომხდარი არეულობისა და დაძაბული ვითარების ფონზე, ირანმა ერაყთან საზღვარი დროებით დახურა.  როდის გაიხსნება ორ ქვეყანას შორის სახმელეთო საზღვარი ამ დროისთვის უცნობია.  საპროტესტო აქციების ფონზე ერაყში კომენდანტის საათი გამოცხადდა სახმელეთო საზღვარზე კომუნიკაციების შეჩერების გარდა, გაუქმდა ფრენები თეირანსა და ბაღდადს შორის, რომელიც მომლოცველებს ემსახურება. თავის მხრივ, ერაყის დედაქალაქში ირანის საელჩომ მოუწოდა ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ერაყში იმყოფებიან, თავი აარიდონ ბაღდადში, სამარაში, კადიმიაში და ზოგიერთ სხვა დასახლებულ პუნქტში გამგზავრებას, სადაც უსაფრთხოების რისკები მაღალია.  

საქართველოს ერაყის თავდაცვის მინისტრი ეწვია

საქართველოს სამუშაო ვიზიტით ერაყის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ეწვია. ჯუმააჰ ენად საადუნს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, კოლეგებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხებს; გამოითქვა მზადყოფნა ამ მიმართულებით შესაძლებლობის განხილვისა და პარტნიორობის გაძლიერების თაობაზე. "მხარეებმა განსაკუთრებული პატივით ისაუბრეს 2003-2008 წლებში ერაყში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში საქართველოს სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობაზე და ხაზი გაუსვეს აღნიშნულის მნიშვნელობას. ვიზიტის ფარგლებში, ერაყის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ბაღდადში აფეთქების შედეგად, ათი ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი, დაიჭრა

ერაყში, ბაღდადში აფეთქების შედეგად, ათი ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი, დაიჭრა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. აფეთქება ავტოფარეხში, საფეხბურთო სტადიონთან და კაფესთან მოხდა, როდესაც მანქანაზე მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.  

ერაყში, გაზის ავზის აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

ერაყში,  ქალაქ სულეიმანიაშ საცხოვრებელ უბანში, გაზის ავზის აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა, 30 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებისა და ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა სამი საცხოვრებელი სახლი, დაზიანდა რამდენიმე სახლი და განადგურდა ხუთი მანქანა. ამასთან, სულეიმანიის პროვინციის გუბერნატორმა ჰავალ აბუბაქერმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.  

სტამბოლში მომხდარი აფეთქების შემდეგ, თურქეთმა ჩრდილოეთ სირიასა და ერაყში მდებარე სამიზნეებზე იერიშები მიიტანა - მედია

თურქეთმა, სტამბოლში მომხდარი აფეთქების შემდეგ, ჩრდილოეთ სირიასა და ერაყში მდებარე სამიზნეებზე იერიშები მიიტანა. მედიის ინფორმაციით, თურქეთის სამხედრო თვითმფრინავებმა დაბომბეს ბაზები. თურქეთის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ „ზუსტ დარტყმებს ახორციელებენ ტერორისტების კერების გასანადგურებლად“. შეგახსენებთ, სტამბოლის ცენტრში 13 ნოემბერს მომხდარ აფეთქებაზე, ანკარა პასუხისმგებლობას „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ (PKK) და სირიელ ქურთებთან დაკავშირებულ დაჯგუფებებს აკისრებს. თავის მხრივ, ქურთი მებრძოლები მომხდარში მონაწილეობას უარყოფენ.  

ერაყში აფეთქების შედეგად, სულ მცირე 9 სამართალდამცველი დაიღუპა

ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ კირკუკთან აფეთქებისა და იარაღით თავდასხმის შედეგად, სულ მცირე ცხრა პოლიციელი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. თავდასხმა ბომბის აფეთქებით დაიწყო, რომლის სამიზნე პოლიციელების სატვირთო ავტომობილი იყო.   

მედია: ირანს ერაყის საზღვარზე ბალისტიკური რაკეტები აქვს განთავსებული

The Jerusalem Post-ს თანახმად, ირანის ისლამური რესპუბლიკა დასავლეთ ირანში, ქერმანშაჰის პროვინციას, Qiam--1-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტების არსენალის განთავსების მიზნით, დასაყრდენად იყენებს. ამის შესახებ მედია ერთ-ერთ კვლევით ცენტრზე დაყრდნობით წერს. მოხსენებაში ნაჩვენებია Qiam-1-ის ბალისტიკური რაკეტები ერაყის საზღვრიდან დაახლოებით 150 კილომეტრშია განთავსებული. რაკეტები, სავარაუდოდ, სამ მიწისქვეშეთში ათეულობით ბუნკერში ინახება.  

ანკარის ცენტრში აფეთქების შემდეგ, თურქეთმა ერაყში, ქურთ მებრძოლებზე საჰაერო იერიში მიიტანა

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ჩრდილოეთ ერაყში ქურთ მეამბოხეებზე რამდენიმე საჰაერო დარტყმა განახორციელეს. უწყების ინფორმაციით, 20 სამიზნე გაანადგურეს და "ქურთისტანის მუშათა პარტიის" ბევრი ბოევიკი "გაანეიტრალეს". საჰაერო დარტყმების სამიზნე იყო საწყობები და ბუნკერები, რომლებსაც "ქურთისტანის მუშათა პარტია" იყენებდა."ოპერაციის მიზანი იყო "ქურთისტანის მუშათა პარტიისა" და სხვა ტერორისტული ელემენტების განეიტრალება, ჩრდილოეთ ერაყიდან ჩვენი მოსახლეობისა და ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების თავიდან აცილება და ჩვენი საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა,“ - განააცხადეს უწყებაში. აღსანიშნავია, რომ ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე საათით ადრე თვითმკვლელმა ტერორისტმა ანკარაში, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან, რომელიც პარლამენტთან ახლოს მდებარეობს, ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. მოგვიანებით, "ქურთისტანის მუშათა პარტიამ" განაცხადა, რომ აფეთქება მათთან დაკავშირებულმა ჯგუფმა, "უკვდავთა ბატალიონმა" განახორციელა. ქურთისტანის მუშათა პარტია თურქეთში, ევროკავშირში, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში ტერორისტულ დაჯგუფებად ითვლება.  

აშშ აცხადებს, რომ ერაყში მისი სამხედროების წინააღმდეგ თავდასხმა აღკვეთეს

საერთაშორისო მედიის ცნობით, დღეს, ერაყში აშშ-ის სამხედროებმა, ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალეს, ვიდრე მათი გამოყენებით ალ-ასადის ბაზაზე შეტევას მოაწყობდნენ. აღსანიშნავია, რომ ალ-ასადის საჰაერო ბაზაზე ინციდენტი, ღაზაში საავადმყოფოს აფეთქებიდან რამდენიმე საათში მოხდა. Reuters-ი წერს, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ერაყში, ალ-ასადის საჰაერო ბაზაზე, თავდასხმა აღკვეთეს. წყაროებმა არ დააკონკრეტეს, ვინ შეიძლებოდა, ყოფილიყო წარუმატებელი შეტევის უკან, მაგრამ ეს ფაქტი მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც ვაშინგტონი გაძლიერებულ მზადყოფნაშია რეგიონში ისრაელ-„ჰამასის“ ომის შედეგად გაზრდილი დაძაბულობის გამო. Reuters-ის ცნობით, ბოლო კვირების განმავლობაში, ამერიკელი ოფიციალური პირები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ ერაყსა და სირიაში აშშ-ის ძალებზე თავდასხმების ზრდას ელოდნენ,  ნაწილობრივ, ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობის წლისთავთან დაკავშირებით. გენერალ-მაიორი ყასემ სოლეიმანი, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტურ ქვედანაყოფს, „ყუდსის ძალებს“ 1998 წლიდან ხელმძღვანელობდა. ის აშშ-ის საავიაციო დარყმის შედეგად, 2020 წლის 3 იანვარს მოკლეს. ამ სამხედრო ოპერაციის შემდეგ აშშ-ის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოკლულია მსოფლიოში „ნომერ პირველი ტერორისტი“, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციას უწყობდა ხელს და ამერიკელ დიპლომატებსა და სამხედროებზე თავდასხმებს გეგმავდა. გენერალ სოლეიმანის მკვლელობის გამო, ირანი აშშ-ის შურისძიებით დაემუქრა.  

ერაყსა და სირიაში მყოფ ამერიკელ სამხედროებზე შეტევები გახშირდა

ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად, ბაღდადის დიპლომატიური მხარდაჭერის ცენტრის მიმართულებით, სადაც განთავსებული არიან ამერიკელი სამხედროები, დიპლომატები და სამოქალაქო პირები, დღეს დილით ორი რაკეტა ესროლეს. CNN ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ ერთ-ერთი რაკეტა ანტისარაკეტო სისტემამ მოიგერია, მეორე კი, ცარიელ საწყობს მოხვდა. მისივე თქმით, არავინ დაშავებულა. ბოლო დღეებში, არ არის პირველი თავდასხმა, რომლის სამიზნეც ერაყში აშშ-ისა და კოალიციის ძალები არიან და ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ირანსა და ისრაელის სხვა მოწინააღმდეგე ქვეყნებს აფრთხილებს, რომ ღაზაში კონფლიქტის გაღვივებას არ შეეცადონ. Reuters-ის ცნობით, ამ კვირის განმავლობაში, ამერიკელმა სამხედროებმა რამდენიმე დრონი გაანადგურეს არამხოლოდ ერაყში, არამედ სირიაშიც. ტელეკომპანია Fox News-ის წყაროების ინფორმაციით, სირიაში შეტევა იყო ამერიკულ სამხედრო ობიექტზე, რომელიც სირია-ერაყი-იორდანიის საზღვართან მდებარეობს. Reuters-იც ამერიკელ ოფიციალუ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო დღეებში ამერიკელ სამხედროებზე არაერთი თავდასხმა განხორციელდა ერაყსა და სირიაში. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა პატრიკ რაიდერმა 19 ოქტომბერს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველა ზომაა მიღებული საფრთხეებისგან ამერიკელი და საერთაშორისო კოალიციის წევრი სხვა ქვეყნების სამხედროთა დასაცავად. რაიდერის თქმით, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, ბოლო შეტევებს არ აქვს პირდაპირი კავშირი ისრაელისა და „ჰამასის“ ომთან. ერაყში 2500 ამერიკელი სამხედრო, 900 კი, მეზობელ სირიაში იმყოფება. ამერიკელები ადგილობრივ ძალებს ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში ეხმარებიან.  

ერაყში აშშ-ის საელჩოს დაცული ზონა სარაკეტო თავდასხმების სამიზნეა

პარასკევს, გამთენიისას, სულ მცირე სამი რაკეტის სამიზნე გახდა აშშ-ის საელჩოს ბაღდადის „მწვანე ზონა“. რაკეტები ჩამოვარდა ოლქის გარეუბანში, სადაც განთავსებულია სამთავრობო და დიპლომატიური შენობები. ამის შესახებ France24 უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით წერს. გამოცემა წერს, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, ერაყსა და სირიაში, პროირანული ჯგუფების მიერ ამერიკის ან კოალიციის ძალების წინააღმდეგ ათობით სარაკეტო ან უპილოტო დარტყმა განხორციელდა. „ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით ოფიციალურ ანგარიშებს მსხვერპლისა და ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ჩვენ ასევე ველოდებით ოფიციალურ ანგარიშს თავდასხმის ტიპის შესახებ,“ - განაცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. „გასულ კვირას ისრაელსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ „ჰამასს“ შორის ომში პაუზის დასრულების შემდეგ, ამერიკულ და კოალიციურ ძალებზე, პროირანულმა ჯგუფებმა თავდასხმები განაახლეს. ისინი თავიანთ ქმედებებს, ისრაელის მიმართ ვაშინგტონის მხარდაჭერით ამართლებენ,“ წერს France24.  

Reuters: ერაყში აშშ-ის საელჩოს ჭურვები ესროლეს

ერაყში აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე შვიდი ჭურვი ჩავარდა. Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ეს ბოლო პერიოდის თავდასხმებს შორის, იყო ყველაზე მასშტაბური თავდასხმა ამერიკულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე აშშ-ის მთავრობაში აცხადებენ, რომ ჭურვების სროლის შედეგად საელჩოს ტერიტორია უმნიშვნელოდ დაზიანდა და ინციდენტისას არავინ დაშავებულა. პირველი აფეთქება საელჩოს მახლობლად გამთენიისას მოხდა, რამაც ერაყის უსაფრთხოების სამსახურის შენობა დააზიანა. პარალელურად, ამერიკელმა სამხედრო ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე ასევე გახდა დასავლეთ ერაყში აინ ალ-ასადის საჰაერო ბაზა, სადაც ბაზირებული არიან აშშ-ისა და სხვა საერთაშორისო ძალები.  

თურქეთი აცხადებს, რომ თავისი ჯარისკაცების მკვლელობის საპასუხოდ, სირიასა და ჩრდილოეთ ერაყში იერიშები მიიტანა

თურქეთმა ორშაბათს განაცხადა, რომ მისმა „საჰაერო ძალებმა 26 ქურთი მებრძოლი სირიასა და ჩრდილოეთ ერაყში განხორციელებული დარტყმების შედეგად გაანეიტრალეს, შაბათ-კვირას ჯარისკაცების მკვლელობაზე პასუხი იყო.“ თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ერაყში ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წევრებთან ბრძოლის დროს 12 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა, რის გამოც ანკარამ რეგიონში საჰაერო დარტყმები და ოპერაციები დაიწყო. თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა კვირას ასევე განაცხადა, რომ PKK-ის კიდევ 30 ელემენტი განეიტრალდა ჩრდილოეთ ერაყის რაიონში, სადაც თურქეთი ტრანსსასაზღვრო ოპერაციებს აწარმოებს. გარდა ამისა, თურქეთის პოლიციამ სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინცია დიარბაქირში, პროქურთული სახალხო თანასწორობისა და დემოკრატიის პარტიის (DEM) მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდულ ღონისძიებაზე 52 ადამიანი დააკავა. მათ „ტერორისტული ორგანიზაციის პროპაგანდის გავრცელებაში ადანაშაულებენ. ქურთისტანის მუშათა პარტია ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული თურქეთის, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ. თურქეთის ჯარები რეგულარულად ახორციელებენ დარტყმებს მეზობელ ერაყში, იქ დაფუძნებული PKK-ის ბოევიკების წინააღმდეგ შეტევის ფარგლებში. თურქეთმა საჰაერო თავდასხმები ჩრდილოეთ ერაყში ოქტომბერში დაიწყო მას შემდეგ, რაც ანკარაში სამთავრობო შენობებთან აფეთქებაზე  პასუხისმგებლობა სამხედრო დაჯგუფებამ აიღო.  

ერაყში ლიკვიდირებულია ირანის მხარდაჭერით მოქმედი დაჯგუფების ლიდერი - პენტაგონი

შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა პეტ რაიდერმა განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ერაყში მოკლეს ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული დაჯგუფების, „ჰარაკატ ალ-ნუჯაბის“ ლიდერი მუშტაკ ჯავად კაზიმ ალ-ჯავარი. მისივე ინფორმაციით, ერაყსა და სირიაში მოქმედი დაჯგუფების მეთაური აქტიურად მონაწილეობდა ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმების დაგეგმვასა და განხორციელებაში. რაიდერის ცნობით, ერაყში მყოფმა ამერიკულმა ძალებმა საჰაერო დარტყმა 4 იანვარს, შუადღისით განახორციელეს. პენტაგონის პრესმდივნის თანახმად, თავდაცვის მიზნით ჩატარებული ოპერაციისას სამოქალაქო პირები არ დაშავებულან და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა.  

ერაყი აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის მისიის დასახურად ემზადება

ერაყის მთავრობა აყალიბებს კომიტეტს, რომელიც ქვეყანაში აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის მისიის დახურვას მოამზადებს. შესაბამისი განცხადება ერაყის პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ შია ალ-სუდანმა გააკეთა. „მთავრობა ადგენს ორმხრივი კომიტეტის შექმნის თარიღს, რათა მოახდინოს შეთანხმებები ერაყში საერთაშორისო კოალიციის ძალების ყოფნის სამუდამოდ შეწყვეტის მიზნით. ხაზს ვუსვამთ მტკიცე პოზიციას საერთაშორისო კოალიციის არსებობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც მისი არსებობის საფუძველი აღარ არსებობს,“ - ნათქვამია პრემიერის ოფისის განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, კომიტეტის შემადგენლობაში სამხედრო კოალიციის წარმომადგენლები შევლენ. სუდანის განცხადებამდე ერთი დღით ადრე, შეერთებულმა შტატებმა ბაღდადში ავიაიერიში განახორციელა, რომლის შედეგადაც, ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური დაჯგუფების, „ჰარაკატ ალ-ნუჯაბას“ ლიდერის, მუშტაკ ჯავად ქაზიმ ალ-ჯავარის ლიკვიდირებულია. ალ-ჯავარის დაღუპვამ ირანთან დაკავშირებულ ჯგუფებში აღშფოთება გამოიწვია და მათ მთავრობისგან ერაყში კოალიციის ყოფნის შეწყვეტა მოითხოვეს.  

პენტაგონი: ერაყიდან ჯარების გაყვანას არ ვგეგმავთ

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ერაყიდან ჯარების გაყვანას არ გეგმავენ. „კვლავაც ძალიან კონცენტრირებულები ვართ ISIS-ის მისიის დამარცხებაზე,“ - განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა, აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალ-მაიორმა პატრიკ რაიდერმა. მან აღნიშნა, რომ აშშ-ის ძალები ერაყში ქვეყნის მთავრობის მიწვევით იმყოფებიან. რაიდერის თქმით, არ აქვს ინფორმაცია, რომ ბაღდადმა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მისი ჯარების გაყვანის გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინება გაუგზავნა.ერაყის პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ შია ალ-სუდანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ბაღდადი იწყებს მზადებას ქვეყანაში აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციური ძალების გაყვანისთვის, რადგან მათი ყოფნის საფუძველი აღარ არსებობს.  მანამდე, ბაღდადში, აშშ-ის საჰაერო იერიშის დროს, ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური დაჯგუფების, „ჰარაკატ ალ-ნუჯაბას“ ლიდერის, მუშტაკ ჯავად ქაზიმ ალ-ჯავარის ლიკვიდაცია მოახდინა.  

თურქეთი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ სირიასა და ერაყში გაანადგურა ქურთი მეომრების 25 სამიზნე

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცახადებით, ანკარამ საჰაერო იერიშები განახორციელა ჩრდილოეთ სირიასა და ერაყში და მიზანში ამოიღო ქურთი მეომრების 25 სამიზნე. სამინისტროს განცხადებით, ოპერაციები განხორციელდა ჩრდილოეთ სირიაში და ერაყის მეტინის, ჰაკურკისა და ყანდილის რეგიონებში. „ბევრი მეომარი "ნეიტრალიზებულ იქნა" - რაც, სავარაუდოდ, მოკლულს ნიშნავს - საჰაერო იერიშებით, რომლებითაც განადგურდა 25 სამიზნე, ანუ გამოქვაბულები, თავშესაფრები და საწყობები,,“ აღნიშნულია განცხადებაში. პარასკევს თურქეთის ცხრა ჯარისკაცი ემსხვერპლა შეტაკებებს აკრძალული ორგანიზაციის, ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წევრებთან.  

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ირანის უგუნური სარაკეტო დარტყმები ერაყის სტაბილურობას ძირს უთხრის

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ ეწინააღმდეგება ირანის უგუნურ სარაკეტო დარტყმებს, რომლებიც ხელყოფს ერაყის სტაბილურობას. აშშ მხარს უჭერს ერაყის და ქურთისტანის რეგიონული მთავრობების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ერაყის ხალხის მისწრაფებების დაკმაყოფილებისკენ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის შეტევა მკაცრად დაგმო. „ჩვენ ვეწინააღმდეგებით ირანის უგუნურ სარაკეტო დარტყმებს,“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა. ირანის სახელმწიფო მედიით 15 იანვარს, ღამით გავრცელებული ცნობებით, გვარდიამ, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“, სარაკეტო დარტყმები განახორციელა ისრაელის დაზვერვის სამსახურის, „მოსადის ჯაშუშების შტაბ-ბინაზე“ ერაყის ქურთისტანის ავტონომიაში. რევოლუციური გვარდია აცხადებს, რომ ეს „შტაბ-ბინა" ირანსა და რეგიონში „ჯაშუშური ოპერაციების და ტერაქტების დაგეგმვის" ცენტრი იყო. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, აფეთქებები მოხდა ქურთისტანის ადმინისტრაციული ცენტრიდან, ქალაქ ერბილიდან 40 კილომეტრში მდებარე რაიონში, სადაც აშშ-ის საკონსულოც მდებარეობს. ამერიკული წყაროების თანახმად, საკონსულო არ დაზიანებულა.  

ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზას რაკეტები ესროლეს

ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზა აინ-ალ-ასადს თავს დაესხნენ. Reuters-ის ცნობით, რამდენიმე ამერიკელი სამხედრო მსუბუქად დაიჭრა. სერიოზულად დაშავდა ერაყის უშიშროების ძალების თანამშრომელი. შაბათს, 20 იანვარს დამასკოში ისრაელის ავიადარტყმის შემდეგ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალი რანგის ოფიცერი და კორპუსის კიდევ 4 წევრი დაიღუპა. ჰამასი ისრაელს 7 ოქტომბერს დაესხა თავს, საპასუხოდ ისრაელმა აქტიური საბრძოლო მოქმედებები დაიწყო ღაზის სექტორში დაჯგუფება ჰამასის წინააღმდეგ, რომელიც ევროკავშირსა და აშშ-ში ტერორისტულ ორგანიზაციად ითვლება, ერაყსა და სირიაში პროირანული დაჯგუფებები რეგულარულად ესხმიან თავს სამხედრო ბაზებს, რომლებსაც საერთაშორისო კოალიციის ჯარები იყენებენ. „კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში გავრცელდა და ძალადობა გაიზარდა სირიაში, ლიბანში, ჩრდილოეთ ერაყსა და წითელ ზღვაში. ლიბანში, ქვეყნის მძიმედ შეიარაღებულმა, ირანულმა მარიონეტულმა ჰეზბოლამ, ისევე როგორც პალესტინის მებრძოლი ჯგუფების ადგილობრივმა ფრთებმა, ღაზის სექტორში მყოფი პალესტინელებისადმი სოლიდარობის ნიშნად, ისრაელის საზღვრის გასწვრივ რაკეტები გაისროლეს,“ - წერს Reuters-ი.  

აშშ ერაყთან მოლაპარაკებებს, ქვეყნიდან ამერიკული ჯარების გაყვანის თაობაზე, სავარაუდოდ, მალე დაიწყებს

აშშ და ერაყი, სავარაუდოდ, მალე დაიწყებენ მოლაპარაკებებს ქვეყანაში აშშ-ის სამხედრო ყოფნის მომავალზე. ამის შესახებ CNN წერს. თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა დაადასტურა რომ სამხედრო კომისია "უახლოეს დღეებში" დაიწყებს მუშაობას.  შეერთებულ შტატებს ამჟამად ერაყში დაახლოებით 2500 ჯარისკაცი ჰყავს, რომლებიც 2021 წლის დეკემბრის შემდეგ მოქმედებენ იქ საკონსულტაციო და დამხმარე შესაძლებლობებით, როდესაც აშშ-ის არმიამ ქვეყანაში საბრძოლო როლის დასრულების შესახებ გამოაცხადა. სამხედრო მოსამსახურები ადგილობრივ ძალებს ეხმარებიან ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში. საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში, ერაყში ამერიკელ სამხედროებთან ერთად იმყოფებიან ევროპელი ჯარისკაცებიც. ოფიციალური ბაღდადის განცხადებით, ქვეყანაში კოალიციის ყოფნა არასტაბილურობას ქმნის იმის ფონზე, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებები თითქმის ყოველდღიურად თავს ესხმიან ბაზებს, სადაც ამერიკელი სამხედროები არიან განლაგებული, ხოლო აშშ-ის ძალების მათ ასევე დარტყმებით პასუხობენ.  

CBS: აშშ-მ სირიასა და ერაყში ირანულ სამიზნეებზე დარტყმების გეგმა დაამტკიცა

აშშ-მა სირიასა და ერაყში მდებარე ირანული პერსონალისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ საავიაციო დარტყმების გეგმები დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი CBS ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ინფორმაციით, ავიადარტყმების დრო დიდწილად ამინდით იქნება განსაზღვრული. ავიადარტყმები პასუხად მოჰყვება ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების მიერ შაბათ-კვირას იორდანიაში განლაგებული ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ განხორციელებულ დრონებით თავდასხმას. სირიასა და ერაყში განლაგებული ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ თავდასხმების სერიის შემდეგ, აღნიშნულ ინციდენტს პირველად მოყვა მსხვერპლი.  

ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-მ ერაყსა და სირიაში ირანულ სამიზნეებზე იერიში მიიტანა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მის მიერ გაცემული ბრძანების მიხედვით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების ობიექტებზე საჰაერო იერიშები განახორციელა. როგორც СNN წერს, საჰაერო დარტყმები 30 წუთის განმავლობაში გაგრძელდა და თეთრი სახლის განცხადებით, საპასუხო იერიში წარმატებული იყო. „ჩვენ მიერ პასუხის გაცემა დღეს დაიწყო. ის იმ დროსა და იმ ადგილას გაგრძელდება, რომელსაც ჩვენ ავირჩევთ,“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა. მანვე აღნიშნა, რომ აშშ-ს კონფლიქტის დაწყება არც ახლო აღმოსავლეთში და არც მსოფლიოს სხვა ნაწილში სურს, მაგრამ ამერიკელებზე განხორციელებული თავდასხმები უპასუხოდ არ დარჩება. „გასულ კვირას, იორდანიაში ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების მიერ გაშვებული დრონის შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. დღეს დოვერის საჰაერო ძალების ბაზაზე ამ მამაცი ამერიკელების ღირსეულ დაბრუნებას დავესწარი და თითოეული მათგანის ოჯახს ვესაუბრე,“ - აღნიშნა ჯო ბაიდენმა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის თქმით, სირიასა და ერაყში ავიაიერიშები 85 სამიზნე ობიექტზე განხორციელდა. მათ შორის, სამეთაურო, საკონტროლო და სადაზვერვო ცენტრებზე. ასევე, იარაღის საწყობებზე. თავის მხრივ, თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ თავდასხმები „აშშ-ის პასუხის დასაწყისია." 28 იანვარს ახლო აღმოსავლეთში, ამერიკულ ბაზაზე დრონის თავდასხმის შედეგად, სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავდასხმაში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები დაადანაშაულა. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვაგროვებთ ამ თავდასხმის ფაქტებს, ჩვენ ვიცით, რომ ის განხორციელდა სირიასა და ერაყში მოქმედი იმ რადიკალური ჯგუფების მიერ, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს,“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ირანმა მომხდართან კავშირი უარყო. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით კი, არავის უნდა შეეპაროს ეჭვი იმაში, რომ შეერთებული შტატები დამნაშავეებს პასუხს აგებინებს "მაშინ და ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის." CBS პირველ თებერვალს წერდა, რომ აშშ-მა სირიასა და ერაყში მდებარე ირანული პერსონალისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ საავიაციო დარტყმების გეგმები დაამტკიცა.  

აშშ აცხადებს, რომ ბაღდადში მოკლულია „კატაიბ ჰეზბოლას“ მეთაური

აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში განაცხადეს, რომ აშშ-ის დარტყმის შედეგად ერაყის დედაქალაქ ბაღდადში „კატაიბ ჰეზბოლას“ მეთაური მოკლეს, რომელიც პასუხისმგებელი იყო რეგიონში ამერიკულ ძალებზე თავდასხმებზე. საპასუხოდ, ერაყმა გააფრთხილა აშშ ბაღდადში განხორციელებული საჰაერო თავდასხმის გამო, რომლის დროსაც „კატაიბ ჰეზბოლას“ მეთაური დაიღუპა. ერაყის ერთობლივი ოპერაციების სარდლობამ თავდასხმას „აშშ-ის ახალი აგრესია“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ერაყსა და აშშ-ს შორის ყველა სახის ურთიერთგაგებას ძირს უთხრის. ერაყის ერთობლივი ოპერაციების სარდლობის სპიკერმა, თაჰსინ ალ ხაფაჯიმ აღნიშნა, რომ ეს ერაყის სუვერენიტეტის დარღვევაა. აშშ-სა და ერაყის ოფიციალური პირების თქმით, თავდასხმა ბაღდადში უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელდა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ ყოფილა.