აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მსოფლიომ უნდა იცოდეს, სად დგას დღეს შეერთებული შტატები.
მან ამის შესახებ თელ-ავივში განაცხადა. ბაიდენმა ღაზის სექტორის საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებაზე ისაუბრა.
„ძალიან დამწუხრებული და აღშფოთებული ვარ გუშინ, ღაზაში საავადმყოფოს აფეთქების გამო. იმის საფუძველზე კი, რაც ვნახე, როგორც ჩანს, ეს სხვა გუნდმა გააკეთა და არა თქვენ,“ - განუცხადა მან ნეთანიაჰუს.
ბაიდენი ისრაელს მხარდაჭერა გამუცხადა.
„მე დღეს აქ ყოფნა მარტივი მიზეზის გამო მსურდა, მინდა ისრაელის მოსახლეობამ და მსოფლიომ იცოდეს, თუ სად დგას ამერიკის შეერთებული შტატები. მე პირადად მსურდა აქ ჩამოსვლა და ამის ნათლად დაფიქსირება“, - აღნიშნა ბაიდენმა.
ჯო ბაიდენმა, ასევე, აღნიშნა, რომ „ჰამასთან“ შედარებით ე.წ. ისლამური სახელმწიფოც კი უფრო რაციონალურად მოქმედებდა და რომ „ჰამასი არ წარმოადგენს ყველა პალესტინელს და „ჰამასმა“ მათ მხოლოდ ტანჯვა მოუტანა.“
„ისრაელს ისეთი ღირებულებები აქვს, როგორიც აშშ-სა და სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებს, ამიტომ მსოფლიო გვიყურებს და ცდილობს გაიგოს, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ ჩვენ,“ - განაცხადა შეხვედრის ბოლოს ჯო ბაიდენმა.
შეგახსენებთ, ღაზის სექტორში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, „„ისლამური ჯიჰადი“ პასუხისმგებელია წარუმატებლად გასროლილი რაკეტის გამო, რომელიც ღაზაში მდებარე ჰოსპიტალს მოხვდა.“ „ისლამური ჯიჰადი“ აფეთქებასთან კავშირს უარყოფს და ისრაელის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.
12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.
13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.
პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.