აშშ-მ „ჰამასის“ 10 წევრს სანქციები დაუწესა

აშშ აცხადებს, რომ ისრაელზე ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, „ჰამასის“ ოპერატორებსა და ფინანსურ შუამავლებს სანქციები დაუწესა.

კერძოდ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, აშშ-მ „ჰამასის“ 10 წევრს სანქციები დაუწესა, მათ შორის ერთ-ერთი, მთავარი მეთაურია.

ახალი სანქციების სამიზნეები არიან პირები, რომლებიც ცხოვრობენ ღაზაში და სხვაგან, მათ შორის სუდანში, თურქეთში, ალჟირსა და კატარში.


„ჩვენ გავაგრძელებთ გადავდგათ ყველა საჭირო ნაბიჯი იმისთვის, რომ „ჰამასის“ ტერორისტებს აღარ ჰქონდეთ შესაძლებლობა შეაგროვონ და გამოიყენონ თანხები სისასტიკის განსახორციელებლად და ისრაელის მოსახლეობის დასატერორებლად,“ - განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა ჯანეტ იელენმა.


შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.


9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.

12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.

13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.

პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.