ბოლო სამ თვეში (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) რეადმისიის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ თანხმობა 1070 პირზე გაიცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სამ თვეში რეადმისიის სულ 1074 განცხადებაა განხილული, საიდანაც 1070-ზე თანხმობა გაიცა, 4-ზე კი - უარი.
ყველაზე მეტი - 696 მოქალაქის საქართველოში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება გერმანიაში მიიღეს. სიაში არიან საფრანგეთი (136), შვეიცარია (48); საბერძნეთი (33); ესპანეთის (26); პოლონეთი (30); იტალია (21); ჰოლანდია (15); ავსტრია (13).
საქართველოსა და ევროკავშირს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება 2011 წლის პირველ მარტს ამოქმედდა. შეთანხმების საფუძველზე ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საქართველოში ბრუნდებიან. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მოქალაქეთა საქართველოში დაბრუნებას შეთანხმებით დადგენილი პირობების საფუძველზე.
შეთანხმების შესაბამისად, რეადმისიასა და ტრანზიტთან დაკავშირებულ ყველა სატრანსპორტო ხარჯს საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს საზღვრამდე აანაზღაურებს მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო.