გერმანიის შს მინისტრის თქმით, გერმანია საქართველოსთან მიგრაციის სფეროში შეთანხმების გაფორმებას გეგმავს

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან და მოლდოვასთან მიგრაციის სფეროში შეთანხმებებს გააფორმებს.

მინისტრის განმარტებით, ეს გერმანიაში ჩასვლის მსურველებს ქვეყანაში განათლების მიღების, მუშაობის საშუალებას მისცემს და ასევე დაეხმარება ბერლინს კვალიფიციური კადრების მოზიდვაში, მაგრამ ასევე, საქართველო და მოლდოვა ვალდებულნი იქნებიან, უკან მიიღონ ეს მოქალაქეები, ვინც გერმანიაში ყოფნის უფლებას დაკარგავს."

გერმანია აპირებს, საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად გამოაცხადოს.

„ორივე ქვეყანას ევროკავშირში შესვლა სურს. ორივე სახელმწიფოში მოქალაქეებს, ძირითადად, პოლიტიკური მიზეზებით დევნის საფრთხე არ ემუქრებათ. გარდა ამისა, გერმანიაში თავშესაფრის თითქმის ყოველი მე-10 მაძიებელი ამ ქვეყნებზე მოდის და უსაფრთხო ქვეყნებად აღიარება არალეგალური მიგრაციის საკმაოდ სწრაფ და ეფექტურ შემცირებას შეუწყობს ხელს,” - განაცხადა ფეზერმა.

ცნობისთვის, გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, გერმანიიდან იანვარ-ივნისში დეპორტირებულთა შორის ყველაზე მეტი, საქართველოს მოქალაქეა. დეპორტირებულთაგან 1664 ქალი იყო, 1375 - არასრულწლოვანი. გერმანიიდან დეპორტირებული იყვნენ საქართველოს (705), ჩრდილოეთ მაკედონიის (665) და ავღანეთის (659) მოქალაქეები.