EUMM: IPRM-ის შეხვედრების დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყოველთვის მხარს უჭერს დაკავებულთა სწრაფად გათავისუფლებას

  • Europetime-თან საუბრისას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში გამოეხმაურნენ ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას

IPRM-ის შეხვედრების დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყოველთვის მხარს უჭერს დაკავებულთა სწრაფად გათავისუფლებას. ამის შესახებ Europetime-ს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პრესსპიკერმა ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.


„ბატონი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რაიმე დამატებითი ინფორმაციის მოწოდება, ამ ეტაპზე არ შეგვიძლია. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დაკავებულებისა და მათ შორის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაცვლას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მეშვეობით უწყობს ხელს.

ამასთანავე, ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყოველთვის მხარს უჭერს დაკავებულთა სწრაფად გათავისუფლებას,“ - განუცხადა Europetime-ს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პრესსპიკერმა, კლაას მაესმა.


ცნობისთვის, 19 ოქტომბერს, ორგანიზაცია სამართლიაობის ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და არსებითია მისი დროული გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად გაუარესების თავიდან აცილებისა და მისი უსაფრთხოების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.


ორგანიზაციის ცნობით, ირაკლი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში, კულტურის სახლის წინ აფხაზური დროში დაწვის ფაქტზე დააკავეს. ვიდეოში, რომელშიც ირაკლი ბებუა სავარაუდოდ, დე ფაქტო ხელისუფლების სამართალდამცავ ორგანოებთან დაკითხვაზე იმყოფება, ის აღიარებს აფხაზეთის დროშის დაწვის ფაქტს, თუმცა უთითებს, რომ აფხაზებთან საწინააღმდეგო არაფერი აქვს და პირიქით, ის ქართველი და აფხაზი ხალხის მეგობრული ურთიერთობის მომხრეა და დროშაც სწორედ მათი დაყოფის პროტესტის ნიშნად სიმბოლურად დაწვა.


ირაკლი ბებუას დაკავების შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პოლიციამ მის სახლში ჩხრეკა ჩაატარა, რის შედეგადაც თითქოსდა ამოიღო ხელყუმბარა, რომელსაც „პოლიციის“ განცხადებით ბებუა ბალიშის ქვეშ ინახავდა. ამ ფაქტის გამო, დე-ფაქტო პროკურატურამ ბებუას სასჯელი დაუმძიმა, ხოლო 7 დეკემბერს აფხაზეთის დე-ფაქტო სასამართლომ ირაკლი ბებუას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სასამართლომ ირაკლი ბებუას მსჯავრი დასდო სისხლის სამართლის კოდექსის 217-ე მუხლის (იარაღის უკანონო შეძენა და შენახვა), 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის (სხვისი ქონების განზრახ განადგურება) და 334-ე მუხლის (სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფა) საფუძველზე და სასჯელთა შეკრების წესით მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 000 რუბლის ოდენობით ჯარიმა შეეფარდა.


„ოკუპირებულ აფხაზეთში სასჯელის გამოყენების წესის შესაბამისად (რომელიც დაკისრებული სასჯელის რეალური მოხდის ვადას 2-ჯერ ამცირებს ამ კატეგორიის დანაშაულებზე), ირაკლი ბებუას 1 წელი და 5 თვე აქვს დარჩენილი გათავისუფლებამდე. ცნობილია, რომ აფხაზეთში „ომში გამარჯვების“ 30 წლის თავთან დაკავშირებით გამოაცხადეს „ამნისტია“ მთელ რიგ დანაშაულებზე, თუმცა ოჯახის წევრების ინფორმაციით, ირაკლი ბებუას ამინისტია იმთავითვე განსაზღვრული იყო რომ არ შეეხებოდა, რადგან დე-ფაქტო ორგანოებს მისი საქმის მიმართ პრინციპული დამოკიდებულება აქვთ,“ - წერს სამართლიანობის ცენტრი. 


  • ინფორმაციისთვის, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები არიან. მასში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.