“მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებები სამივე მოსმენით მიღებულია - 79-ხმით, 3-ის წინააღმდეგ.
პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებების საფუძველზე სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა.
პირველი მოსმენით განხილვის პროცესში პროექტის პირვანდელი ვარიანტი დაკორექტირდა და უხამსობაც თვითრეგულირებიდან რეგულირების სფეროში გადავიდა.
კანონპროექტის ავტორი და ინიციატირი არიან “ქართული ოცნების“ უმრავლესობის დეპუტატები: - დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ისკო დასენი, ირაკლი კირცხალია, ანტონ ობოლაშვილი და ირმა ზავრადაშვილი.
უმრავლესობის წევრების განმარტებით, “კანონის პროექტის მიღება ხელს შეუწყობს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებას, რაზეც დამოკიდებულია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი“.
ცვლილებების თანახმად, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, ამ კანონის 55(2) მუხლის (რომელიც კრძალავს სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელებას) დარღვევასთან დაკავშირებით თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს კომუნიკაციების კომისიაში.
ცვლილებების თანახმად, „თუ დადასტურდება დარღვევის ფაქტი, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დეკლარაციის შესახებ. მაუწყებელი ვალდებულია 5 დღის ვადაში საკუთარ ეთერში საუკეთესო დროს გადასცეს დეკლარაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, სალიცენზიო/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შესახებ. დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს მაუწყებლის მიმართ შესაბამისი სანქციის გამოყენების საკითხი“.
განმარტებით ბარათში წერია, რომ მედიამომსახურების მიმწოდებლებს, რომლებიც დაარღვევენ 55(2) მუხლის მოთხოვნებს და მიიღებენ გაფრთხილებას, ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის თანხა იზრდება.
17 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში, მედიის ადვოკატირების კოალიციამ შეშფოთება გამოხატა მარეგულირებლის ხელში დამატებითი ძალაუფლების კონცენტრაციის გამო და აღნიშნა, რომ ეს ზრდის მისი ბოროტად გამოყენების რისკს. „წარსული პრაქტიკის გათვალისწინებით, მედიის ადვოკატირების კოალიციისა და მედია ორგანიზაციებს შეშფოთების სრულიად ლეგიტიმური საფუძველი აქვს“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
კოალიციამ აღნიშნა, რომ მაუწყებლებთან ერთად ჯერ კიდევ გასულ წელს შეიმუშავა ალტერნატიული წინადადება, ეფექტიანი თანარეგულაციის მექანიზმი, თუმცა მმართველმა პარტიამ აღნიშნული შეთავაზება არ განიხილა. „მსგავს მოდელზე საუბრობდნენ ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი ექსპერტებიც, რომლებიც ქვეყანაში არსებული კონტექსტის გამო ეფექტიანი თანარეგულაციის შემოღების მომხრენი იყვნენ“, – აცხადებს კოალიცია.
კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებდა საპარლამენტო უმრავლესობას, რომ „მედიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები არ მიეღო მაუწყებლებთან კონსულტაციისა და ფართო კონსენსუსის გარეშე, რასაც მოითხოვდა ევროდირექტივა აუდიოვიზულაური მედიამომსახურების შესახებ.“