გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ეგვიპტეშია, სადაც ის ღაზის სექტორში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე ეგვიპტის ხელისუფლების წარმომადგენლებს ესაუბრა.
საერთაშორისო მედია წერს, რომ გუტერეში უკვე მივიდა რაფაჰის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან. ეს ერთადერთი გზაა ბლოკადაში მოქცეულ ღაზის სექტორში შესასვლელად.
მედიის ცნობით, სატვირთო თვითმფრინავები და სატვირთო მანქანები რამდენიმე დღის განმავლობაში ატარებდნენ ჰუმანიტარულ დახმარებას რაფაში, მაგრამ ჯერჯერობით არცერთს არ მიუღწევია ღაზის სექტორამდე.
„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ყველა მხარესთან, ეგვიპტესთან, ისრაელთან, შეერთებულ შტატებთან... იმისათვის, რომ ეს სატვირთო მანქანები რაც შეიძლება მალე დაიძრან,“ - განუცხადა გუტერეშმა ჟურნალისტებთან.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.
12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.
13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.
პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.