20 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიში მოისმინა. სახალხო დამცველმა პლენარულ სხდომაზე მიმოიხილა 376-გვერდიან დოკუმენტში ასახული ის ძირითადი მიგნებები და ტენდენციები, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას და დროულ რეაგირებს საჭიროებს. მან აღნიშნა, რომ 2022 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა, მეტიც, რიგი მიმართულებებით გაუარესებაც კი შეინიშნებოდა. ლევან იოსელიანის ანგარიშის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.
მისივე თანახმად, თემატური უფლებრივი მდგომარეობის განხილვისას სახალხო დამცველმა სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმეებზე სათანადო გამოძიების ხარვეზებზე.
წამებისა და არასათანადო მოპყრობის ან დასჯის პრევენციისა და გამოძიების საკითხებთან დაკავშირებით ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველი/პასუხისმგებელი სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუციური გარანტიების არარსებობაზე. ისაუბრა პენიტენციურ სისტემაში დამკვიდრებულ პატიმართა დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო საკნებში, კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე, დასჯის მიზნით ხანგრძლივად მოთავსების მანკიერ პრაქტიკაზე.
ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხრე კამერების გამოყენებისა და აუდიო და ვიდეოჩანაწერების წარმოების ვალდებულების არარსებობას. განსაკუთრებულად საგანგაშოდ შეაფასა პოლიციის დაწესებულებებში კამერების რაოდენობის მკვეთრად შემცირება. ისაუბრა დიდი ზომის ფსიქიატრიული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესისა და ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციის პრობლემებზე.
თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დაცვასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების შემოწმების ვალდებულებაზე, ე.წ. გარიდების მექანიზმის საკანონმდებლო მოწესრიგებასა და პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმის დახვეწის აუცილებლობაზე ისაუბრა.
სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეული რეფორმა, საქმეთა განაწილების სისტემის გაუმჯობესება, ეროვნული კანონმდებლობის ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანა, სასამართლოს თავმჯდომარეთა არჩევის წესის შეცვლა და სხვ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2022 წელს შეტანილმა ცვლილებებმა (ე.წ. მოსმენების კანონმა), უფრო მეტად დაამძიმა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის მდგომარეობა ქვეყანაში.ისაუბრა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ტენდენციაზე; აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში მედიის წარმომადგენლების კვლავ საფრთხის შემცველ გარემოში უწევდათ საქმიანობა. გრძელდებოდა შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის საბაბით, რაც მოძველებული პრაქტიკაა და ადამიანის უფლებებთან და ძირითად თავისუფლებებთან თავსებადობის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს. მოძველებული კანონმდებლობა აბრკოლებს ასევე, ინფორმაციის თავისუფლების და მათ შორის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების სათანადო რეალიზებასაც.
„უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის იდეის გაჟღერება და შემდგომ მისი ინიცირება შემაშფოთებელი ფაქტი იყო ადამიანის უფლებათა დამცველებთან მიმართებით. ეკოლოგიურმა პრობლემამ საფრთხის შემცველი საცხოვრებელი გარემო შეუქმნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის მოსახლეობას.
დიდი ძალისხმევაა გასაწევი, რათა სათანადოდ წარიმართოს შრომის უფლების დაცვის მიმართულებით მოქმედი კანონმდებლობის აღსრულება; გაგრძელდეს დასაქმებულთა შორის უფლებებთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლება; მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე შრომის უსაფრთხოების ნორმების განუხრელი დაცვა და სამუშაო ადგილზე გარდაცვალების შემთხვევების შემცირება.
ჯანმრთელობის უფლების რეალიზაციის მხრივ, გამოწვევად მიჩნეულია ექთნების დეფიციტი, ძველი ინფრასტრუქტურა, სუსტი კავშირები სოფლის ექიმებსა და სხვა სპეციალისტებს შორის, ასევე, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების დაფინანსების გართულებული და ფრაგმენტული სისტემა. დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის აპარატის აქტივობების შედეგად, 2022 წლიდან ქვეყნის მაღალმთიან მუნიციპალურ საავადმყოფოებში „დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა“ ამოქმედდა.
სიღარიბე, მათ შორის ბავშვთა სიღარიბე, კვლავ ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა სოციალურ უფლებების დაცვის მიმართულებით. 2021 წელთან შედარებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ბავშვების მაჩვენებელი 2022 წელს 40%-ით გაიზარდა და საარსებო შემწეობის მიმღები არასრულწლოვნების რაოდენობა 330 148-ს შეადგენდა.
არ არსებობს უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტება და სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ჩარჩო კანონმდებლობა, ასევე, უსახლკარო პირთა ერთიანი, ხოლო რიგ მუნიციპალიტეტებში - ადგილობრივ მონაცემთა ბაზები.
ხანდაზმულ პირთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და პარალელურად იზრდება მათი წილი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. სამწუხაროა, რომ კვლავ არ მომხდარა „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო კონცეფციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის“ შესრულების ანგარიშის შედეგების განხილვა და გათვალისწინება.
ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით სახალხო დამცველმა დადებითად შეაფასა დიდი ზომის ბავშვთა რეზიდენტული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი. ასევე, ისაუბრა ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციაზე მუშაობის გაძლიერებისა და ბავშვების სათანადო რაოდენობის მხარდამჭერი პროფესიების სპეციალისტებითა და სარეაბილიტაციო სერვისებით უზრუნველყოფის საჭიროებაზე.
შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებრივ მდგომარეობასთან მიმართებით - არ დამტკიცებულა მისაწვდომობის ეროვნული გეგმა და სტანდარტი და სხვადასხვა დონეზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა და მათი ორგანიზაციების არსებითი მონაწილეობა.
გამოწვევად რჩება ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა განათლების უფლებაზე ხელმისაწვდომობა, მათი საჯარო სექტორში დასაქმების პოლიტიკა, სახელმწიფო უწყებებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროპორციული და თანასწორი მონაწილეობა, საკონსულტაციო მექანიზმების არაეფექტიანობა და მედიის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხები.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე გრძელდება მოქალაქეთა უკანონო დაკავებისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა, უკანონო „ბორდერიზაცია“ და მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა, რის გამოც, ორივე რეგიონში, მოსახლეობა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებს ტოვებს და შვილები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში გადმოყავთ.
2022 წლის ბოლოს მონაცემებით, 716 დევნილი ოჯახი ნგრევად ობიექტებში ცხოვრობს. შემცირდა ასეთი ობიექტებიდან განსახლებული ოჯახების რაოდენობა, ხოლო, საკუთრებაში გადაცემული შენობების ნაწილი ავარიულია.
გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით საკანონმდებლო დონეზე მნიშვნელოვანი ცვლილებების მიუხედავად მაინც ნარჩუნდება ფემიციდის მაღალი მაჩვენებელი. სოფლად მცხოვრები და შშმ ქალებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომა. დადებითი მოვლენებია გენდერული კვოტირების მოქმედებების ვადის 2032 წლის ჩათვლით გახანგრძლივება და ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის ამოქმედება, თუმცა, ეს წესი დახვეწას საჭიროებს.
სახალხო დამცველმა ისაუბრა ასევე, რწმენისა და რელიგიის თავისუფლების მიმართულებით კანონმდებლობაში არსებულ დისკრიმინაციულ ნორმებზე; ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი სახლების კერძო საკუთრებაში გადაცემის პროცესის გაჭიანურებაზე. აღნიშნა, რომ თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის მიმართულებით კვლავ არ არსებობს საზღვრის კვეთის შესახებ სრულფასოვანი მონაცემთა ბაზები.
თავდაცვის სფეროში გრძელდება სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენება და კოლექტიური დასჯის პრაქტიკა.
დღემდე არ შემუშავებულა ადამიანის უფლებათა სწავლების ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
სხდომაზე სახალხო დამცველმა ისაუბრა აპარატის მიერ შესწავლილ საქმეებსა და განხორციელებულ რეაგირებებზე, შემუშავებულ რეკომენდაციებზე, მომზადებულ სპეციალურ და ალტერნატიულ ანგარიშებზე, კონსტიტუციურ სარჩელებზე, სასამართლო მეგობრის მოსაზრებებზე და სხვა საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტებზე; ასევე, უფლებადარღვევებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებისა და მონიტორინგის მიზნით სხვადასხვა დაწესებულებაში განხორციელებულ ვიზიტებზე.
სახალხო დამცველის გამოსვლის შემდეგ პლენარულ სხდომაზე ანგარიშთან დაკავშირებულ საკითხებზე დისკუსია გაიმართა. ლევან იოსელიანმა საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიში 2 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.