დღეს რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა და ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით დღეს პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. სურათებზე ჩანს გაეროს მანქანები, რომლებიც ეგვიპტიდან რაფაჰის გადასასვლევს კვეთენ და ღაზის სექტორში გადადიან.
BBC წერს, რომ ისრაელი დაახლოებით, 20 სატვირთო მანქანით საკვების, წყალისა და მედიკამენტების შეტანას დათანხმდა.
„მივესალმები რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნას ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებისთვის. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც შეამსუბუქებს უდანაშაულო ადამიანების ტანჯვას. ჩემი მადლიერება ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა," - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.
12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.
13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.
პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.