ისრაელ-ჰამასის ომის დეესკალაციის საკითხის განხილვის მიზნით, ეგვიპტეში მიმდინარე სამიტზე პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ პალესტინელები მათი მიწის დატოვებას არ აპირებენ.
„ჩვენ არასოდეს დავთანხმდებით გადაადგილებას, ჩვენ დავრჩებით ჩვენს მიწაზე, როგორიც არ უნდა იყოს გამოწვევები,“ – განაცხადა აბასმა.
აბასი არის პალესტინის ხელისუფლების ხელმძღვანელი, რომელიც დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიებს აკონტროლებს. მისი კონტროლი არ ვრცელდება „ჰამასის“ მიერ მართულ ღაზის სექტორზე, საიდანაც „ჰამასი“ ისრაელს 7 ოქტომბერს დაესხა თავს.
დღეს, ეგვიპტეში მიმდინარე შეხვედრაში სახელწოდებით - სამიტი მშვიდობისთვის, ასევე მონაწილეობენ იორდანიის, კატარის, იტალიის, ესპანეთის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ოფიციალური პირები. დამსწრეთა შორის არ არიან ისრაელი, აშშ და ასევე, ირანი, რომელიც დასავლეთის შეფასებით, პოლიტიკურად და ფინანსურად „ჰამასს“ უჭერს მხარს.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.
12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.
13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.
პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.
ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.