ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილება ჩინეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით, „პოზიტიურად არის აღქმული და შედეგებშიც უკვე აისახა“.
მან მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თუ საქართველოს ჩინეთის ქალაქებთან მეტი პირდაპირი ხაზი ექნება, ეს მგზავრთნაკადს დააგენერირებს და ტურიზმში მნიშვნელოვან შედეგებს გამოიღებს.
„[ჩინეთში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიაზე] ვისაუბრეთ ტურიზმის სექტორზე, რომელიც ძალიან დინამიკურად შეიძლება განვითარდეს. მინდა გითხრათ, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ ვიზების გაუქმების შესახებ მიიღო, ძალიან პოზიტიურად არის აღქმული და შედეგებშიც უკვე აისახა. დღეს არსებული ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩინეთთან, თუმცა იცით, რომ კომპლექსურად, თუ ჩინეთის ქალაქებთან მეტი პირდაპირი ხაზი გვექნება, დარწმუნებულები ვართ, რომ რეალური მგზავრთნაკადის გენერირება და ტურიზმში მნიშვნელოვანი შედეგები შეიძლება მივიღოთ. მაგრამ ეს არის პოზიტიური განწყობა.
იმაზეც ისაუბრეს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვისაც ვიზების გაუქმება სარკისებურად განიხილება, რისი იმედიც ჩინეთის მთავრობის მხრიდან მაქვს. ეს სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს შორის. ასე, რომ კომისიის მუშაობა ძალიან პოზიტიური იყო და მომდევნო წლებშიც რეგულარული კომისიის ჩატარება დაიგეგმა, იმისთვის, რომ ის აქტუალური საკითხები, რომლების იდენტიფიცირებაც მოვახდინეთ, რეალურად ეფექტურად სრულდებოდეს,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, მინისტრის თქმით, შეხვედრაზე პირველად გაჟღერდა, რომ „ტრანსკასპიური დერეფანი საერთაშორისო თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მას დერეფნის მონაწილე სხვა ქვეყნებიც მხარს უჭერენ.“
„ჩინეთთან თანამშრომლობის პოტენციალი ძალიან დიდია. ვისაუბრეთ კონკრეტულ მიმართულებებზე, სტრატეგიულ პროექტებზე, მათ შორის დაკავშირებადობაზე. ჩინეთში პირველად გაჟღერდა, რომ ტრანსკასპიური დერეფანი საერთაშორისო თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ეს იყო პირველი, როდესაც უმაღლესი პირების მხრიდან იყო გაჟღერებული. ამაზე საუბრობდა პრეზიდენტი, შესაბამისად, დაინტერესება ჩინეთის ბიზნესის და ჩინეთის სამთავრობო წრეების ამ დერეფნის განვითარებით ძალიან დიდია.
შესაბამისად, ეს საქართველოსთვის მეტი შესაძლებლობაა, რომ განვავითაროთ სატრანსპორტო ლოგისტიკური კავშირები, მეტი შემოსავალი მივიღოთ ეკონომიკაში. თქვენ იცით, რომ ეკონომიკის ეს სექტორები ძალიან მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა.
პრიორიტეტები უნდა გადაითარგმნოს კონკრეტულ შედეგებში. კარგია და დამაიმედებელია ისიც, რომ ამ თანამშრომლობას მხარს უბამს დერეფნის მონაწილე სხვა ქვეყნებიც - ყაზახეთი, აზერბაიჯანი და სხვა,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 11 სექტემბრიდან აამოქმედა.