ვაზისუბანში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხეჩინაშვილის კლინიკაში 2 დაშავებულია გადაყვანილი.
ცნობისთვის, ვაზისუბანში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, რის შედეგადა სამი ადამიანი დაშავდა.
ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, კახა ლაბუჩიძის განცხადებით, ვაზისუბანში, საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულ ყველა ადამიანს საცხოვრებლით უზრუნველყოფს.
კახა ლაბუჩიძის თქმით, გამგეობა და ყველა საქალაქო სამსახური ადგილზეა და მიმდინარეობს ოჯახების აღწერა.
„გამგეობა სრულად აქ არის, ყველა საქალაქო სამსახური აქ არის. გამგებელიც ადგილზეა და ახლა მიდის ყველა ოჯახის აღწერა, ჩვენ მზად ვართ ყველანი დღესვე უზრუნველვყოთ საცხოვრებლით. სადაც ხვალ დილით ან ამ დღეებში შეუძლებელი იქნება [ცხოვრება], გარკვეული სამუშაოების და რემონტების გამო, მანამდე ყველა ეს ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება სასტუმროში,“ - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
კახა ლაბუჩიძის თქმით, აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.
„მოხდა აფეთქება, გვაქვს ეჭვი, რომ ეს მოხდა ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად. ერთ-ერთ ბინაში, სადაც ხანდაზმული ქალბატონი ცხოვრობდა, იმ სახლში მოხდა გაზის აფეთქება.
ქალბატონი არის კლინიკაში, უკეთებენ ყველა სახის დახმარებას. კონტაქტური იყო როცა წაიყვანეს. გარკვეული დამწვრობა ჰქონდა, თუმცა რა ხარისხის, ვერ გეტყვით. სამი დაშავებულია, აქედან ერთი ის ქალი, რომლის სახლშიც მოხდა,“ - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.