ირაკლი შოთაძის თქმით, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ პატიმართა შეწყალებასთან დაკავშირებით, 2019 წელს დაწყებული გამოძიება გრძელდება

გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმართა შეწყალებაზე 2019 წელს დაწყებული გამოძიება გრძელდება.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით არსებობს თუ არა რაიმე საქმე, რომელიც ახლა ძიებაშია და რა ეტაპზეა 2019 წლის შეწყალების საქმესთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება, ირაკლი შოთაძე ამასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დღემდე გრძელდება.

კითხვას, შესაძლოა, რომ ზურაბიშვილი შეწყალების საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს, შოთაძე აღნიშნავს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტზე იმუნიტეტი ვრცელდება.


„ამ ფაქტზე გამოძიება გრძელდება, შემიძლია დაგიდასტუროთ. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ მოქმედი პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა კანონმდებლობთ შეზღუდული არის. პრეზიდენტზე ვრცელდება იმუნიტეტი და მის მიმართ შესაძლებელია სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ მისი მხრიდან ან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი, ან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტი დაადასტურა,“ - განაცხადა შოთაძემ.


კითხვას, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ შესაძლოა თუ არა, რომ საკითხით გამოძიება დაინტერესდეს შოთაძე ასე პასუხობს: „ამ ფაქტზე მომავალში რატომ ვლაპარაკობთ? გიხსნით, რომ გამოძიება გრძელდება და ეს გამოძიება დაწყებულია რამდენიმე წლის წინ.“


შეგახსენებთ, 2019 წლის 20 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქართველოს პრეზიდნეტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნული მსჯავრდებულები 2019 წლის მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა. ოპოზიციის, მმართველი გუნდისა და საზოგადოების ნაწილის კრიტიკის ფონზე, სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.