რა საკითხები განიხილეს პრეზიდენტმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა

საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრას განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ ეს მისი პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა და შემდეგ უკვე პარლამენტმა სალომე ზურაბიშვილის გადაყენება ვერ მოახერხა.


„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, რომელიც პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილეა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტზე არავითარ გავლენას არ ახდენს „ქართული ოცნებიდან“ მუქარა და ბრალდებები, პირიქით, აპირებს, რომ საკუთარი პოლიტიკური ნაბიჯებით ქვეყნის ევროპული სტატუსის დაცვა გააგრძელოს. 

სამნიძის თქმით, პრეზიდენტთან საუბრის თემა ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი, სხვა მიმდინარე პროცესები და იმპიჩმენტთან დაკავშირებული საკითხები იყო.

  • „ძირითადი თემა იყო ევროპული სტატუსი და ბუნებრივია, მიმდინარე პროცესები, ასევე იმპიჩმენტთან დაკავშირებული საკითხები, რაზეც აქამდე არ გვისაუბრია. ფაქტია, რომ პრეზიდენტზე არავითარ გავლენას არ ახდენს „ქართული ოცნებიდან“ მუქარები და ბრალდებები. აპირებს, გააგრძელოს საკუთარი პოლიტიკური ნაბიჯებით და გადაწყვეტილებებით ქვეყნის ევროპული სტატუსის დაცვა. საუბარი იყო იმაზე, როგორ ხედავს ჩვენს მანდატს. ასევე, ჩვენს რეკომენდაციებს მოუსმინა. მე ვკითხე იმაზე, რომ საზოგადოებაში ინტერესია, რას აპირებს პოლიტიკური თვალსაზრისით და შევთანხმდით, რომ ამაზე საუბარი დღეს მთავარი თემა არაა. მთავარი თემა ევროპული სტატუსია და ამ მიმართულებით ჩვენ მის გვერდით ვდგავართ,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

შეხვედრის კიდევ ერთმა მონაწილემ, „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი საკუთარ გეგმებს საზოგადოებას უახლოეს მომავალში თავად გააცნობს.

  • ერთი რამ არის ნათელი, რომის არ აპირებს დაემორჩილოს რუსეთის და მათი მოკავშირე ხელისუფლების მცდელობებს, ჩავარდეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის პერსპექტივა. ამ თვალსაზრისით პრეზიდენტი აპირებს, რომ გააგრძელოს შესაბამისი მოქმედება ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, თუ როგორ, ამას თავად გაგაცნობთ,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

თავის მხრივ, „ევროოპტიმისტების" თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტი საკუთარ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საზოგადოებას უახლოეს მომავალში მიაწვდის ინფორმაციას. მისივე თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე საარჩევნო და პოლიტიკურ ლანდშაფტზე არ უსაუბრიათ.

  • „ზოგადად, ვფიქრობ, ძალიან სწორ პოზიციაზეა კანდიდატის სტატუსთან და საქართველოს მომავალთან დაკავშირებით; სწორ პოზიციაზეა იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეების განწყობა არჩევნებში მონაწილეობაზე, ჩვენი ქვეყნის აქტიურობაზე, ევროპულ მომავალზე. ვიზიტების გაგრძელებაზე მისი პასუხი იყო ის, რომ რამდენიმე დღეში გააცნობს საზოგადოებას თავის მოსაზრებას. არ გვისაუბრია საარჩევნო და პოლიტიკურ ლანდშაფტზე. ვისაუბრეთ იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ევროპული ინტეგრაცია დაჩქარდეს, საარჩევნო კონფიგურაციებზე პრეზიდენტს არ უსაუბრია,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანი წითლიძის განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი, ძირითადად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს შეეხებოდა.

მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტის პოლიტიკურ და საარჩევნო გეგმებთან დაკავშირებით ამ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა.

  • „შეხვედრაზე ყველა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი იყო. განხილვის მთავარი თემა იყო კანდიდატის სტატუსი და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ამ დარჩენილ მოკლე დროში, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ასევე მიმოვიხილეთ არსებული პოლიტიკური მდგომარეობა ქვეყანაში, ვისაუბრეთ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტშია წარდგენილი. მათ შორის, მედიის წინააღმდეგ კანონზე, ჩვენ ჩვენი არგუმენტები გვქონდა, რატომ არის ეს კანონი პრობლემური. ეს მოვახსენეთ საქართველოს პრეზიდენტს, მაგრამ მთავარი თემა იყო კანდიდატის სტატუსი.

პრეზიდენტის პოლიტიკურ და საარჩევნო გეგმებთან დაკავშირებით ამ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა. საუბარი უკავშირდებოდა იმას, რომ ძალიან მალე უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პასუხი და დარჩენილ დღეებში რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ იმისთვის, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ამ საკითხს დამატებითი ლეგიტიმაცია მივცეთ. ეს იყო მთავარი თემა, არანაირ სხვა პოლიტიკურ გეგმებზე საუბარი არ ყოფილა. ის ისეა მოტივირებული როგორც ჩვენ, რომ ამ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს,“ - განაცხადა ანი წითლიძემ.