ჰონგ-კონგი აანონსებს ეროვნული უსაფრთხოების ახალ კანონს „გარე ძალების“ წინააღმდეგ

ჰონგ კონგის აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ლი აცხადებს, რომ ნახევრად ავტონომიური ქალაქი, ეროვნული უსაფრთხოების შესახებ საკუთარ კანონს 2024 წელს შექმნის.

მისი თქმით, „ზოგიერთი ქვეყანა ძირს უთხრის ჩინეთს და ჰონკონგში „ერთი ქვეყანა, ორი სისტემის“ დანერგვას საკუთარი სარგებლობისთვის.“


France24 წერს, რომ ლი გულისხმობდა ბრიტანეთისა და ჩინეთის მიერ შეთანხმებულ მმართველობის მოდელს, რომლის მიხედვითაც, ქალაქი შეინარჩუნებს გარკვეულ ავტონომიას და თავისუფლებებს.

„გარე ძალები აგრძელებენ ჰონგ კონგის საქმეებში ჩარევას,” - აღნიშნა ჰონგ-კონგის ლიდერმა.


პოლიტიკურ მიმართვაში, პეკინის მიერ დანიშნულმა ლიდერმა ისაუბრა ჰონგ-კონგის ეკონომიკის აღდგენის გზებსა და მოსახლეობის რაოდენობის შემცირებასთან ბრძოლის მეთოდებზე.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს ჰონგ-კონგში მეტი თავისუფლებისა და ავტონომიის მოთხოვნით, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გაიმართა, რის შემდეგაც ჩინეთმა ახალი ეროვნული უსაფრთხოების კანონი აამოქმედა. ლიმ, რომელიც საპროტესტო აქციების ჩახშობაში მისი როლის გამო, აშშ-ის მიერ არის სანქცირებული, განაცხადა, რომ ჰონგ-კონგი ეროვნული უსაფრთხოების დაცვას გააგრძელებს.