პრემიერი: საქართველო მოწადინებულია, იქცეს ენერგო ტრანზიტის, სატვირთო გადაზიდვებისა და ციფრული კავშირის რეგიონულ ჰაბად

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო მოწადინებულია, იქცეს ენერგო ტრანზიტის, სატვირთო გადაზიდვებისა და ციფრული კავშირის რეგიონულ ჰაბად. პრემიერმა დღეს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლაზე ბრიუსელში ისაუბრა.

„ჩვენი ყოველი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაციას, მოდერნიზაციას და განვითარებას ისახავს მიზნად, რათა საქართველო დავაბრუნოთ ევროპულ ოჯახში,  იქ - სადაც ეკუთვნის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის მიერ ორგანიზებული ფორუმის ფარგლებში სამუშაო პანელზე − „სატრანსპორტო დერეფნები” − სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ის მთავარი მომხსენებელი იყო. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.


„მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლაზე მინდა ვისაუბრო. ჩვენი მთავრობის მნიშვნელოვანი მიღწევები, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, ადასტურებს ჩვენს გეოპოლიტიკურ პრიორიტეტს - გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. გასული წლის ივნისში საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ახალი ფურცელი გადაშალა ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობაში. ბოლო გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ქართველების თითქმის 90 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„მქონდა პატივი, სიტყვით გამოვსულიყავი ბრიუსელში ორგანიზებული „გლობალური კარიბჭის“ 2023 წლის ფორუმის ფარგლებში გამართულ სამუშაო პანელზე „სატრანსპორტო დერეფნების“ შესახებ. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ საქართველო მოწადინებულია იქცეს ენერგო ტრანზიტის, სატვირთო გადაზიდვებისა და ციფრული კავშირის რეგიონალურ ჰაბად," - დაწერა მან მოგვიანებით Twitter-ზე.