BBC-ის რუსული სამსახურის ცნობით, ყირგიზეთის პარლამენტი აპირებს, მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც რუსული კანონის მსგავსი იქნება. კანონმდებლებმა „არასამეწარმეო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში და ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღეს.
„კანონპროექტის ბუნდოვანი ფორმულირების თანახმად, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც იღებს ფულს სხვა ქვეყნებიდან და „ცდილობს, გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ საქმიანობასა და საზოგადოებრივ აზრზე“ უცხო სახელმწიფოების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩაითვლება „უცხო წარმომადგენელად,“ იტყობინება BBC.
ყირგიზი უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებულნი არიან იმის გამო, რომ კანონმდებლობა უცხოური აგენტების შესახებ რუსეთის კანონის თითქმის იდენტურია. მათ მოუწოდეს კანონმდებლებს, უკან გაიწვიონ კანონპროექტი. ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კანონი ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო იყო საჭირო.