სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი „მლეთის ინციდენტზე“ კომენტარს აკეთებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი საბედაშვილი მლეთაში, ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან ოკუპანტების გამოჩენის შესახებ ცნობებს ეხმაურება. ის ფაქტს სამწუხარო ინციდენტს უწოდებს და ამბობს, რომ ეს 2008 წელს დამდგარი ოკუპაციის შედეგია.


საბედაშვილის თქმით, არსებობს მცდელობა, რომ მლეთაში მიმდინარე მოვლენები, განსაკუთრებულ სიახლედ შეიფუთოს საზოგადოების დაშინების მიზნით, თუმცა მისივე თქმით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ამ ტერიტორიაზე პერმანენტულად ახორციელებენ უკანონო პატრულირებას 2009 წლიდან.

„სამწუხარო ინციდენტია, უბრალოდ აქაც რომ სწორად შევაფასოთ მიმდინარე მოვლენები, რადგან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, თითქოს მიზანმიმართულად ხდება საზოგადოების დაშინება და პანიკის დათესვა იმასთან დაკავშირებით, რომ ხდება განსაკუთრებით ახალი აქტივობები.


აქ არ არის საუბარი განსაკუთრებულზე. რა თქმა უნდა, ნებისმიერი გამოჩენა საოკუპაციო ხაზზე ეს არის განსაკუთრებული შეშფოთების საგანი, მაგრამ აქ არის საუბარი სიახლეებზე. ჩვენ, როდესაც მუდმივი, განგრძობადი ოკუპაციის პროცესში ვიმყოფებით, ჩვენ ეს პროცესები უნდა შევაფასოთ მისი დაწყებიდან დღემდე.


  • რაც შეეხება მლეთას - ისტორია მლეთასთან დაკავშირებით არის შემდეგი: საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ლომისის წმინდა გიორგის ტაძრის მიმდებარედ, პერმანენტულად ახორციელებენ უკანონო პატრულირებას 2009 წლიდან, მათ შორის, გარკვეული პერიოდულობით ხდება მათი გამოჩენა უშუალოდ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის საკითხი, რაზეც ჩვენ, ცენტრალური ხელისუფლება წლების განმავლობაში ვიბრძვით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, ეს არის მუდმივი ბრძოლის საგანი ამ მოლაპარაკებების მაგიდასთან.


მოგეხსენებათ, ლომისის წმინდა გიორგის სალოცავზე საქართველოს მოსახლეობა შარშანაც იმყოფებოდა, შარშანწინაც და იმის წინათაც. სწორედ ასე გაგრძელდება მომავალშიც. მაგრამ ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ შარშანაც, იმის წინაც და იმის წინა წლებშიც, ამ ტერიტორიებზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მოდიოდნენ ხოლმე, ჩვენ მუდმივად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მათთან, რომ ამ ტერიტორიებზე არ მოხდეს მოქალაქეების დაკავება, ან უკანონოდ დაკავებულები მალევე გათავისუფლდნენ და ა.შ.


სამწუხარო ინციდენტია, მაგრამ ეს არის 2008 წელს დამდგარი ოკუპაციის შედეგი. ვუსმენდი, ამბობდნენ, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის არის ეს ადგილი და ამ ადგილის დაკავების შემდეგ მოხდება სტრატეგიული გზების და ხეობების კონტროლიო - ძალიან დიდი ბოდიში, 2009 წლიდან პატრულირებენ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, წელს გახდა ეს სტრატეგიული მნიშვნელობის? ახლა?! - აცხადებს გიორგი საბედაშვილი „რუსთავი 2-თან.“


სოციალურ ქსელებში დღეს ვრცელდებოდა ვიდეო, რომელშიც სავარაუდოდ ჩანდა, რომ სოფელ მლეთაში, ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიასთან რამდენიმე რუსი სამხედრო სპეციალური ტექნიკით გადაადგილდება. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა, რომელიც ერთ-ერთია, ვინც აღნიშნული ვიდეო გაავრცელა, ამბობდა, რომ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსების საოკუპაციო პატრული სამუშაოს ატარებს, რაც მათი დიდი ხნის გაცხადებული ახალი საოკუპაციო გეგმის ნაწილია.


საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ნეტგაზეთთან“ განაცხადა, რომ „რაც ახალგორის ოკუპირება მოხდა, რუსეთის მხარემ გაავლო თავისი ე.წ. საზღვარი და იქ კვირაში ორ-სამჯერ ამოდის რუსული ჯარის პატრული.“

„მეტი არაფერი მომხდარა ახლაც. წლების განმავლობაში ასე ხდება და ვიღაცამ ეს როგორც სიახლე, ისე დადო. ამოდიან, რამდენიმე ხანი რჩებიან, ათვალიერებენ და ჩადიან უკან. ერთ ნაბიჯს აქეთ გადმოდგამენ თუ იქით გადადგამენ, ამას ვერავინ გააკონტროლებს. იქ ეს ხაზი რომ არსებობს საერთოდ, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია ზოგადად, მაგრამ ახლა სიახლე და განსაკუთრებულობა ეს არ არის,” – ამბობდა დეკანოზი.