აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ახალი სპიკერის არჩევის შემდეგ, პირველი რეზოლუცია ისრაელის მხარდასაჭერად მიიიღო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, ახალი სპიკერის, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონის არჩევის შემდეგ, ისრაელს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში მხარი დაუჭირა.

წარმომადგენელთა პალატამ რეზოლუცია 412 ხმით 10-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს „ჰამასს“ და გამოხატავს ისრაელის მიმართ სოლიდარობას ტერორისტების წინააღმდეგ ომში.

დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების ვალდებულებას ისრაელის დაცვის მიმართ და მოითხოვს, რომ „ჰამასმა“ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები და გაათავისუფლოს ყველა მძევალი.


„წარმომადგენელთა პალატა დგას ისრაელის გვერდით, რადგან ის იცავს თავს „ჰამასისა“ და სხვა ტერორისტების მიერ წამოწყებული ბარბაროსული ომისგან და ადასტურებს, რომ ისრაელს უფლება აქვს დაიცვას საკუთარი თავი“, - აღნიშნულია დოკუმენტში.