აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მანამდე, მესამე წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, რესპუბლიკელებმა კონგრესის სპიკერის პოსტზე ჯიმ ჯორდანის კანდიდატურა მოხსნეს.
ამერიკული ტელეარხის ცნობით, ჯონსონი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდამჭერია და 2020 საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების წარუმატებელ მცდელობაში კონგრესის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურას წარმოადგენდა.
ჯონსონი იყო ტრამპის იურისტთა გუნდის წევრი და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ორივე იმპიჩმენტის დროს იცავდა.
უკრაინისთვის დახმარების გაწევის წინააღმდეგ გამოდის. კერძოდ, ჯონსონმა კიევისთვის 40 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გამოყოფის წინააღმდეგ მისცა ხმა.
ჯონსონს 220-მა თანაპარტიელმა დაუჭირა მხარი, მაშინ, როდესაც პოზიციაზე ასარჩევად 218 ხმა სჭირდებოდა. „დემოკრატიული პარტიის“ ყველა 209 დამსწრე წარმომადგენელმა, ისევე როგორც ყველა წინა ჯერზე, მხარი ფრაქციის ლიდერს ჰაკიმ ჯეფრისს დაუჭირა.
ლუიზიანას შტატის წარმომადგენელი, 51 წლის ჯონსონი, წარმომადგენელთა პალატაში 2016 წლიდან იმყოფება და აქამდე რესპუბლიკური ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
30 სექტემბერს კევინ მაკკარტიმ როგორც რესპუბლიკელების, ისე დემოკრატების ხმების მობილიზებით უზრუნველყო წარმომადგენელთა პალატის მიერ აშშ-ის დროებითი ბიუჯეტის დამტკიცება და ამით ქვეყანამ თავიდან აიცილა პირველი ოქტომბრიდან სახელმწიფო დაწესებულებების ფუნქციონირების შეწყვეტა.
4 ოქტომბერს რესპუბლიკელი კევინ მაკკარტი წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტიდან გადააყენეს.