სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკო ფაშინიანმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტზე გაამახვილა ყურადღება.
სომხეთის პრემიერის თქმით, აბრეშუმის გზის კვალდაკვალ სომხეთი მოხარული იქნება, შეასრულოს სატრანზიტო ფუნქცია, გაატაროს ნავთობსადენები, ელექტრო კაბელები თუ სხვა თავის ტერიტორიაზე.
ფაშინიანის თქმით, სწორედ მშვიდობიანი თანაარსებობა არის მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიმუშავა სომხეთის მთავრობამ „გზაჯვარედინის მშვიდობის პროექტი“, რომლის მიზანიც არის განვითარდეს კომუნიკაცია სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანს და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის სხვადასხვა საგზაო ინფრასტრუქტურის, ნავთობის ხაზების, ელექტროგადამცემი ხაზების მოდერნიზაციითა და შენებით.
„სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, რომელიც კვეთს სომხეთის ჩრდილოეთ და სამხრეთ ტერიტორიებს, უკვე არსებობს უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში. რამდენიმე გზა, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთს და დასავლეთს. ამ გზების გააქტიურება იქნება მოკლე და ეფექტური გზა კასპიის და ხმელთაშუა ზღვების დაკავშირებისთვის. თანამედროვე კომუნიკაციებით შეიძლება, ეს გახდეს ეფექტიანი გზა საქართველოს პორტების და სხვა ინფრასტრუქტურის დაკავშირებისთვის, ეს სარგებელს მოუტანს ყველა ქვეყანას ჩვენს რეგიონში,“ – განაცხადა ფაშინიანმა.
ფაშინიანმა განაცხად, რომ „აბრეშუმის გზა“ ისტორიული მნიშვნელობისაა და გულისხმობს ერების ერთმანეთთან დაკავშირებას, რისი მნიშვნელობაც სომხეთს კარგად ესმის.
- „ჩვენს ორ მეზობელთან [ირანთან და საქართველოსთან] ღიაა გზები და ჩვენი ურთიერთობა მეგობრული ხასიათისაა. თუმცა გზები ორ მეზობელთან [აზერბაიჯანთან და თურქეთთან] დაკეტილია, რაც აჩვენებს ჩვენს ურთიერთობებში არსებულ სირთულეებს,“ - განაცხადა ფაშინიანმა.
„მაგრამ აქ არ მოვსულვარ, რომ მესაუბრა რთულ ურთიერთობებზე. აქ იმისთვის ვარ, რომ განვაცხადო-მშვიდობის გარეშე ნებისმიერი გზის შენება იქნება ძალიან ძნელი. ასევე ცხადია, რომ ჩვენს რეგიონს, ამიერკავკასიას, სჭირდება ხანგრძლივი მშვიდობა.
რას წარმოადგენს მშვიდობა?! ეს არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ქვეყნები არსებობენ და ფუნქციონირებენ ღია საზღვრებით, ისინი ურთიერთდაკავშირებულები არიან ეკონომიკური და კულტურული კავშირებით, აქვთ აკუმულირებული ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ერთმანეთს უზიარებენ დიალოგის საშუალებით და ეს წარმოადგენს მშვიდობას.
ყველაფერი ეს ღია საზღვრებთან ერთად, იქნება ეს ეკონომიკური, კულტურული თუ პოლიტიკური კავშირები, თავისთავად ასეთი დამაკავშირებელი გზების გარეშე ვერ იარსებებდა. ეს არის მიზეზი რატომაც შეიმუშავა ჩვენმა მთავრობამ მშვიდობის პროექტი, გზაჯვარედინის მშვიდობის პროექტი, რომელიც ჩვენი შეხედულებით არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მისი მიზანია, განვითარდეს კომუნიკაცია სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანს და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის სხვადასხვა საგზაო ინფრასტრუქტურის, ნავთობის ხაზების, ელექტროგადამცემი ხაზების მოდერნიზაციითა და შენებით,“ - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ოთხ პრინციპს.
„პირველი ასეთი პრინციპია ყველა ინფრასტრუქტურა, მათ შორის საგზაო, სარკინიგზო, საჰაერო, ნავთობგადამტანი თუ ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურა მუშაობს და ფუნქციონირებს შესაბამისი ქვეყნების იურისდიქციების ფარგლებში, სადაც ისინი გადიან.
მეორე პრინციპი – თითოეული ქვეყანა საკუთარი სახელმწიფო ინსტიტუციების საშუალებით უზრუნველყოფს საბაჟო კონტროლს, ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას, მათ შორის მათი ტერიტორიების კვეთას, იქნება ეს საავტომობილო თუ ნებისმიერი სხვა საშუალებით. უახლოეს პერიოდში სპეციალური ერთეული ჩამოყალიბდება სომხეთის სამართალდამცავი სტრუქტურის ფარგლებში, რომელიც უფლებამოსილი იქნება საერთაშორისო კომუნიკაციის უსაფრთხოებაზე, რომელიც გაივლის სომხეთს, იქნება ეს სატრანსპორტო საშუალებები თუ პირები, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებებს ატარებენ.
მესამე პრინციპი – ეს ინფრასტრუქტურა შეიძლება, იყოს გამოყენებული, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ტრანსპორტირებისთვის. მეოთხე პრინციპი – ყველა ქვეყანას შეუძლია, ერთმანეთის ინფრასტრუქტურის გამოყენება ნაცვალგების და თანასწორობის პრინციპის საშუალებით, სწორედ ამ ორ პრინციპზე დაყრდნობით, სასაზღვრო თუ საბაჟო პროცედურების ოპტიმიზაცია შესაძლებელია.
აქვე მინდა, ხაზი გავუსვა სომხეთის მზაობას, ხელახლა გახსნას, ააშენოს ან განაახლოს რეგიონული კომუნიკაციები ამ პრინციპებზე დაყრდნობით. ეს პრინციპები საჭიროა, რომ თავიდან ავიცილოთ გაურკვევლობა თუ განსხვავებული ინტერპრეტაცია. უახლოეს მომავალში ასევე ოფიციალურად წარმოვადგენთ ამ პროექტს ჩვენი რეგიონის ქვეყნების მთავრობებისთვის და იმედი გვაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ასევე ინვესტორების ჩართულობით ამ პროექტის განხორციელებას შევძლებთ,“ – განაცხადა სომხეთის პრემიერმა.
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, „მშვიდობის გზაჯვარედინი“ მშვიდობის დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
„ჩვენ ამ ეტაპზე ვმუშაობთ შეთანხმების პროექტზე აზერბაიჯანთან მშვიდობისა და ურთიერთობის ნორმალიზაციის უზრუნველსაყოფად. იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი დასრულდება შემდეგ რამდენიმე თვეში. ასევე საჭიროდ ვთვლი, წარმოვადგინო მშვიდობის საკითხზე კიდევ ორი დამატებითი ასპექტი, რომელზეც შევთანხმდით აზერბაიჯანთან – სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, იმის გაზიარებით, რომ აზერბაიჯანის მხარე თავის შესაბამის ტერიტორიულ მოცვას აღიარებს. ეს უზრუნველყოფს, რომ განაცხადები გაკეთებული ორივე მხარის მიერ არ დატოვებს არანაირ სივრცეს საიმისოდ, რომ მეორე მხარემ არ აღიაროს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა გარდა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებისა,“ – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ამასთან „მოიშველია“ 1991 წლის ალმათის დეკლარაციაზე და აღნიშნა, რომ ამ დეკლარაციის მიხედვით, საბჭოთა კავშირი წყვეტს არსებობას და 12 რესპუბლიკა, რომელიც ხელს აწერს დეკლარაციას, მათ შორის სომხეთი და აზერბაიჯანი, აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს იმ დროისთვის არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში.
„ანუ, საზღვრები, რომლებიც არსებობდა საბჭოთა კავშირის ფარგლებში, ხდება სახელმწიფო საზღვრები. ამ პრინციპებზე დაყრდნობით იმედი გვაქვს, რომ შემდეგ რამდენიმე თვეში უკვე აზერბაიჯანთან მოვაწერთ ხელს შეთანხმებას მშვიდობაზე და განვაახლებთ ჩვენს ურთიერთობებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ასევე გვექნება სიახლეები უახლოეს მომავალში სომხეთ-თურქეთის აეროპორტის გასახსნელად, როგორც თურქეთის, ასევე დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის, ეს თავისთავად დადებით სტიმულს შექმნის მთელი რეგიონისთვის,“ – განაცხადა ფაშინიანმა.